26 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
სამთავრობო ცვლილებები - მმართველი გუნდის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ 

საკადრო ცვლილებები მთავრობაში - მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" განსხვავებული პოზიციები აქვთ. ნაწილი, მათ შორის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. დეპუტატის განცხადებით, თემა პრემიერთან უკვე განხილულია. ინფორმაციის დადასტურების მიუხედავად მმართველ გუნდში დეტალები არ კონკრეტდება.

„უნდა დაიგეგმოს კომპლექსური ცვლილებები. ჩვენ პრემიერთან გვქონდა საუბარი ორი დღის წინ და შევთანხმდით, რომ დეკემბრის თვეში გაჟღერდება ახალი ინიციატივები. ახალი წლის შემდეგ ალბათ უკვე იქნება კომპლექსური ხედვის თაობაზე შეჯერება პოზიციების, რომელიც უკავშირდება მათ შორის შიდა მენეჯმენტის ახალ შეთავაზებებს.

მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს დეპუტატი ანრი ოხანაშვილიც.

„შესაძლოა განხორციელდეს ცვლილებები, თუმცა კონკრეტულად რაიმე სახის ცვლილებაზე მე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. თუკი ასეთი ინფორმაცია გახდება ცნობილი უმრავლესობისთვის, ამის შესახებ უმრავლესობიდან შესაბამისი პირები, ვისაც ეს თანამდებობრივად ეხებათ, გააცნობენ საზოგადოებას,“-ამბობს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით კი, საკადრო ცვლილებებზე საუბარს საფუძველი არა აქვს. ირაკლი კობახიძე თემის წამოწევას, ოპოზიციის ინტერესებს უკავშირებს.

„მთავრობა არის ახალი ჩამოყალიბებული, აქედან გამომდინარე ჩვენ გვესმის გარკვეული სპეკულაციები შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ამას არ აქვს საფუძველი. მთავრობა არის ახალი ფორმირებული, დამტკიცებულია მისი პროგრამა და მთავრობა მუშაობს ამ პროგრამის შესაბამისად იმისათვის, რომ განხორციელდეს ის ღონისძიებები, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები