25 აგვისტო 2019,   20:54
ვრცლად
სექსუალური შევიწროება - თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო 

სექსუალური შევიწროების ბრალდებით დაწყებული დავა, თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სააპელაციო სასამართლოში მოუგო. ცოტა ხნის წინ, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილ თანამშრომელს, შალვა რამიშვილს ბრალად ედება თათია სამხარაძის მიმართ სექსუალური შევიწროება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შალვა რამიშვილს თათია სამხარაძის მიმართ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

თათია სამხარაძე განმარტავს, რომ საქმე არის პრეცედენტული და ეს ბევრ სხვა ქალს დაეხმარება, რათა საკუთარი უფლებები დაიცვან.

„ეს საქმე არის პრეცედენტული საქმე. 2 წელიწადზე უფრო მეტია სასამართლოში ვიბრძვით კანონის არ არსებობს პირობებში იმისათვის, რომ გენდერული დისკრიმინაციის ეს ფორმა დაგვედგინა. თავის მხრივ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, არამედ ეს ბევრ სხვა ქალს დაეხმარება საკუთარი უფლებების დაცვაში. ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და მიიღოს კანონი სექსუალური შევიწროების  შესახებ, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება და ძალიან ბევრ ქალს გაუადვილებს ასეთი სახის დავების მოგებას სასამართლოში,“ - განაცხადა თათია სამხარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

აპელაციამ თქვა, რომ დიახ, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა სწორად და შალვა რამიშვილმა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით შეავიწროვა ქალი დასაქმების ადგილას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ერთის მხრივ იმიტომ რომ განვითარდეს სასამართლო სისტემა ამ მიმართულებით, მეორეს მხრივ არსებითად ცვლის ქალთა მდგომარეობას საქართველოში და მომავალ მსხვერპლებს პრევენციულად იცავს,“ - განაცხადა ანა აბაშიძემ.

ქალთა მოძრაობის” დამფუძნებელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ სექსუალური შევიწროებაზე საზოგადოებაში ცნობიერება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ასევე, ბაია პატარაიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კანონმდებლობა დროულად უნდა მიიღოს.  

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი თანამშრომელი, შალვა რამიშვილი. ის აცხადებს, რომ  დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს.

„რადგან გადავწყვიტეთ გასაჩივრება, ესე იგი არ ვეთანხმებით,“ - აღნიშნა რამიშვილმა.

დღის ამბები