26 აპრილი 2024,   20:22
ვრცლად
"სახეში ხელი დამარტყა ძლიერად... შემდგა წიხლებით" - სასტიკად ნაცემი სამხედრო დაპირისპირების დეტალებს "კურიერთან" იხსენებს

ფიზიკური ანგარიშსწორება სამხედროზე - სასტიკად ნაცემი შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი, დავით ბერიშვილი, კურიერს ექსკლუზიურ ინტერვიუში ფიზიკური დაპირისპირების დეტალებს უყვება.

დავით ბერიშვილი შემზარავ დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმავე ბაზაზე სხვა სამხედროებიც სისტემატურად განიცდიდნენ ზეწოლას ზემდგომებისგან და მუდმივად იყვნენ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.

„რომ შევედი კაბინეტში, პატივცემულმა, არც ვიცოდი მე ეს მეთაური, არც ვიცოდი, სახეზე ვინ იყო, საერთოდ არ ვიცნობდი პიროვნებას. უთხრა სულუხიას, დაიწყე, რა მოხდაო, ამან დაიწყო ჩვეულებრივად, რაც მოხდა. გაჩერდიო, უთხრა ამას, მერე ასე მითხრა - შენ დაიწყეო. რომ დავიწყე მე, არ დამამთავრებინა, ამ ბიჭს უთხრა, შენ გადი ერთი წუთი გარეთო, როგორც კი გავიდა გარეთ, მოვიდა ჩემთან, რას ბლატაობ შენო და სახეში ხელი დამარტყა ძლიერად, მერე დივანზე დავვარდი, შემდგა წიხლებით, მერე მომკიდა გორტეკში ხელი, ხებეშიც და შემაჯანჯღარა... მერე ყველაფერი მითხრა, რაც მითხრა, იმას გეუბნებით, დავაი, გაა... აღარ გნახო აქ, ბაზაზეო,“ - იხსენებს ბერიშვილი.

დაშავებული სამხედროს თქმით, ამ დრომდე არც თავდაცვის სამინისტროდან და არც სამხედრო პოლიციიდან არავინ დაკავშირებია. ის აპირებს, რომ შეიტანოს სარჩელი, რათა დაიწყოს მოკვლევა ვიცე-პოლკოვნიკის მისამართით.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, მას აქვს ტვინის შერყევა და ის რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.

შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი, დავით ბერიშვილი, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს თავდასხმასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა, რომელიც მომზადებას ალგეთში გადიოდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სამხედრო პოლიციამ გამოძიება სამხედრო მოსამსახურის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები