01 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
კულტურის პალატის თავმჯდომარე პრიმა ბალერინას წინააღმდეგ - ოქიტაშვილი ანანიაშვილის პოსტიდან გადადგომას ითხოვს 

კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის წინააღმდეგ - ოქიტაშვილის განცხადებით, ანანიაშვილმა პოსტი მხოლოდ იმის გამო უნდა დატოვოს, რომ გრიგოლ ვაშაძის მეუღლეა.

„ქართული ოცნების“ მხურვალე მხარდაჭერისთვის ანანიაშვილის პროფესიონალიზმიც და დამსახურებებიც მეორე ხარისხოვანია. ის პრიმაბალერინას ოპერისა და ბალეტის თეატრში პედაგოგად დარჩენას სთავაზობს.

ნინო ანანიაშვილი საბალეტო დასს სათავეში 2004 წელს ჩაუდგა, მაშინ როდესაც პოსტრევოლუციურ საქართველოში ყველაფერი თითქმის ნულიდან დაიწყო. ახლა მის კარიერაში პირველად მოხდება ის, რასაც დავით ოქიტაშვილი ორშაბათიდან აანონსებს - აქციები პრიმა ბალერინას წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე.

ანანიაშვილის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ საბალეტო დასი აღაშფოთა. მსახიობების სრული შემადგენლობა ოქიტაშვილის განცხადებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავს. დასის წევრები ამბობენ, რომ ნინო ანანიაშვილმა ბალეტს რენესანსის ეპოქა დაუბრუნა და ახალ საფეხურზე აიყვანა, ამიტომ ბალეტის მოცეკვავეები პრიმაბალერინას მხარეს დგებიან.

ოქიტაშვილის განცხადების უკან პოლიტიკური სარჩულს ხედავენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები. კულტურის პალატის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ანანიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს, ხელისუფლების მაამებლურ პოზიციად მიიჩნიეს. ისინი ამბობენ, რომ ოქიტაშვილი ამ საქმეში მარტო არ არის.

ნომერ პირველი ბალერინას წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ დღეს ის ადამიანებიც გააერთიანა, ვინც მოქმედ ხელისუფლებას გვერდში უდგანან და მხარდაჭერას უცხადებენ.

65 დადგმა, გასტროლი მსოფლიოს 40 ქვეყნის 80 ქალაქში და უმრავი ჯილდო, რომელსაც საბალეტო დასის სოლისტები ვერც კი ითვლიან. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში ქართული საბალეტო დასის მონაგარია. ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში 12 საუკეთესო ქალ ბალერინას შორისაა, თუმცა „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსისთვის მსოფლიო აღიარებაც მეორეხარისხოვანია. 

დღის ამბები