04 მაისი 2024,   03:38
ვრცლად
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მინიჭებული ქულები - აუდიტის სამსახურში დარღვევებზე საუბრობენ

სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მინიჭებული ქულები - საარსებო შემწეობების ადმინისტრირების მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები გამოავლინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქულების მინიჭების მექანიზმის მონიტორინგი განახორციელა. აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ ქულების განსაზღვრა ობიექტურად უნდა ხდებოდეს. საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის, ბუნებრივი აირის მოხმარების შედეგად ქულების შესაძლო ცვლილებებზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა შემუშავებული, რაც სენსიტიურ ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომის რისკს ზრდის.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სამსახურის უფროსი, დავით შავგულიძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველების შესახებ ინფორმაცია ბევრად უფრო კონფიდენციალური უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის.

„აქცენტი გაკეთდა საარსებო შემწეობის ქულის გამოანგარიშებაზე, ამ ქულის ვალუტაციის საკითხებზე და წყარო მონაცემებზე. საკანონმდებლო მოთხოვნა ანუ ქულის გამოანგარიშებისას, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ის, რომ ყველა მაძიებელი და ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანი იყოს თანაბარ პირობებში და მოხდეს ქულების ობიექტურად დაანგარიშება. მათთვის სავალდებულოა ინფორმაციული მოთხოვნების შესრულება. ამ ეტაპზე სამინისტროს მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს ამ მიმართულებით, არ აქვს შემუშავებული ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა და ხშირ შემთხვევაში აქტიური დაცვის მექანიზმები, რაც საბოლოო ჯამში, შეიძლება მიზეზი იყოს იმის, რომ არსებობს რისკი მნიშვნელოვანი სენსიტიური ინფორმაციის არაავტორიზებული წვდომისა,“ - განაცხადა დავით შავგულიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კი ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსი, კახაბერ ძიმისტარიშვილი პასუხობს. მისი თქმით, აუდიტის ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის გათვალისწინების შემთხვევაში, ის ვერ უპასუხებს პროგრამით გათვალისწინებულ მიზნებს.

„ბუნებრივი აირის მონაცემები მოიპოვებოდა სოციალური აგენტის მიერ ოჯახში მისვლის დროს. ახლა უკვე 20 ივლის გაფორმდა „სოკარ ჯორჯიასთან“ და მონაცემები იქიდან მოგვეწოდება. რაც ასაკის ველში ცვლილებებს, ასაკის ველი არის ცოტა მტკივნეული თემაა, იმიტომ, რომ იქ სხვადასხვა ცვლადია კიდევ შესაცვლელი ასაკთან ერთად და ასაკის ველის ცვლილებისას სხვა ცვლადების შეცვლა, მაგალითად, ისეთი ცვლადის, როგორიც არის საარსებო მინიმუმი, არ შეესაბამება პროგრამის მიზანს და დიზაინს. ინფორმაციული წვდომა ისედაც შეზღუდულია სააგენტოში, ამას ძალიან მკაცრად იცავენ. მეც არ მაქვს წვდომა ბაზაზე, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელს შიდა აუდიტისა, რამდენიმე თანამშრომელი ავტორიზებულად შედის, მხოლოდ და მხოლოდ, ამ ბაზაში,“- ganacxada კახაბერ ძიმისტარიშვილმა.

დღის ამბები