03 მაისი 2024,   21:47
ვრცლად
სასამართლო არის ფეხქვეშ გათელილი - ოპოზიცია უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების კანდიდატურებს აფასებს

სასამართლო, ფაქტობრივად, საქართველოში არის ფეხქვეშ გათელილი - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ 10 მოსამართეს.

გოცირიძე კლანურ მმართველობაზე საუბრობს და ამბობს, რომ დასახელებული კანდიდატურები დღემდე მართავდნენ სასამართლო სისტემას.

„იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები 10 კაცის შემადგენლობით, რომლებიც ფაქტობრივად, არის ის ძველი კლანი რომელიც დღემდე მართავდა სასამართლო სისტემას და რომელიც გამოირჩეოდა ძალადობის დაკანონებით, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული და სასამართლო, ფაქტობრივად, საქართველოში არის ფეხქვეშ გათელილი და ის არ ემორჩილება კანონებს და კონსტიტუციას. ის ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან პირები, რომლებიც იყვნენ წინა ხელისუფლების საყრდენები სასამართლო სისტემაში.

„პერსონალურად, ცხადია ადეიშვილის მმართველობა არ ბრუნდება, მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ დასაყრდენი მაშინაც სასამართლოს სისტემის, ხელისუფლების დასაყრდენი. ეს ხო არავისთვის დასამალი არ არის. პერსონალიებზე არ ვლაპარაკობ, ამ შემთხვევაში. ვინ გადაიბარებს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მაშინ წულუკიანი რით არის ადეიშვილზე უკეთესი? ადეიშვილმა უამრავი სხვა რამე გააკეთა, რომელიც ამ ქვეყანას დღეს არგია. რით არის დღეს უკეთესი ივანიშვილი წინა ხელისუფლებაზე? რანაირად არის ჩინჩალაძე და მურუსიძე მსხვერპლი რომელიმე სისტემის, ისინი თვითონ არიან სისტემის ნაწილი, ისინი თვითონ არიან ამ სისტემის შემოქმედი და მეტიც, ამ სისტემას აბეტონებენ როგორც მონსტრების კორპორაციას,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით ამ წუთებში, პარლამენტში ბიუროს სხდომაზე მსჯელობენ. უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პროცედურა უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები