04 მაისი 2024,   09:38
ვრცლად
ოპოზიციის პროტესტი და საკრებულოს ხმაურიანი სხდომა - კახა კალაძემ ოპოზიციის დარბაზიდან გასვლა "გაქცევად" შეაფასა

რატომ გაყალბდა არჩევნები - ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოში მისულ კახა კალაძესთან ოპოზიციის ერთ ნაწილს ჰქონდა.

ხმაურიან სხდომაზე თბილისის მერსა და ქართული ოცნების გენერალურ მდივანს ოპონენტებმა ჰკითხეს, იცნობდა თუ არა ზეწოლის შედეგად გარდაცვლილი სკოლის დირექტორის, ია კერზაისა და ონში დაჭრილი ოპოზიციონერის, ნოდარ ბურდილაძის, ისტორიებს. ამის შემდეგ ოპოზიციამ კახი კალაძეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქართულმა ოცნებამ გააყალბა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

დარბაზში დარჩენილი ოპოზიციის მეორე ნაწილმა კახი კალაძეს საკუთარი შენიშვნები გააცნო. ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერი მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს.

თბილისის მერმა ოპოზიციის ნაწილის პროტესტი "გაქცევად" შეაფასა და მათ "დესტრუქციული ძალა" უწოდა.

კახა კალაძე საკრებულოში წლის შესაჯამებლად მივიდა. მერმა უკვე მესამედ საკრებულოს დეპუტატებისთვის ისაუბრა მისი უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებზე. უკვე მესამედ კახი კალაძის საკრებულოში გამოსვლით კმაყოფილი დარჩა უმრავლესობა.

სხდომის ბოლოს საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მისი მთლიანი მოცულობა 927, 6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ბიუჯეტს 10 მილიონზე მეტი ლარით აღემატება. საბოლოოდ, პროექტს ხმა 37-მა დეპუტატმა მისცა. კენჭისყრაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები