04 მაისი 2024,   19:05
ვრცლად
130 მანქანა 12-ის ნაცვლად - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა პროკურატურაშია

აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობას ეხება, პროკურატურაშია გადაგზავნილი. მთავარი მაკონტროლებლის დოკუმენტში არაერთ დარღვევაზეა საუბარი, რომელიც სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ. დოკუმენტში ასევე წერია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხა არამიზნობრივად გაიხარჯა.

დასკვნაში ავტომობილების განსაკუთრებით დიდ რაოდენობასა და საწვავის კოლოსალურ ხარჯვაზეა საუბარი, რომელიც 2016-207 წლებს მოიცავს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 130 მანქანა, გათვალისწინებული 12 ავტომობილის ნაცვლად ემსახურებოდა.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ჰყავდა 4, თუმცა დამატებით, იჯარით კიდევ 53 ავტომობილი ემსახურებოდა. ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტს კი დადგენილ 7-თან ერთად 81. გაირკვა, რომ იჯარით აყვანილი ყველა მანქანა მუნიციპალიტეტის თანამშრომლების საკუთრება იყო.

ირკვევა, რომ თანამდებობზე დასაქმებულ მოხელეებს საკუთარი ავტომობილები ნაქირავები ჰყავდათ. ამ მანქანების ექსპლუატაციაზე კი 2016-2017 წლებში ბიუჯეტიდან 436 ათასი ლარის საწვავი დაიხარჯა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამ ინფორმაციას უარყოფს.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულო ისე დატოვა, რომ არც „კურიერის“ შეკითხვას უპასუხა და არც აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გაეცნო.

უფრო თავისუფლად საუბრობს კამერასთან ოზურგეთის მერი, რომელიც გასულ წელს აირჩიეს. კოტე შარაშენიძე ადასტურებს, რომ დასკვნაში მოყვანილი ფაქტები რეალურია და საკითხზე ანტიკორუფციული სამსახურიც მუშაობს.

ოპოზიცია ხელისუფლებას რესურსების არამიზნობრივ ხარჯვაში წლებია, ადანაშაულებს.

 

ავტორები: ლადო მენაბდე, ზაზა ბესელია სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები