26 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება დასაქმებულის საკუთრების უფლებას ზღუდავს, ხოლო დამსაქმებლისთვის საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება.

ორგანიზაციის შენიშვნებს ექსპერტებიც იზიარებენ.

მათი ნაწილის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოში არსებული დაგროვებითი პენსიის ყველაზე ცუდი მოდელი აირჩია. სპეციალისტები რისკებსა და რეფორმის უარყოფით მხარეებზე საუბრობენ. ისინი პარალელს ფინანსურ პირამიდასთანაც ავლებენ.

მათი აზრით, ეს მოდელი დამსაქმებლის საგადასახადო ტვირთს 2%-ით ზრდის და ის ვერასდროს დაიბრუნებს მის მიერ გადახდილ თანხას. ანალიტიკოსების თქმით, უმჯობესი იქნებოდა, ნებაყოფლობითი სისტემა დაენერგათ.

კანონის ხარვეზებზე საუბრობ ექსპერტთა მეორე ნაწილიც, თუმცა, მათი შეფასებით, რეფორმა კარგია და ის აქამდე უნდა ამუშავებულიყო.

ოპოზიცია კი დაგროვებითი პენსიის რისკებზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ამ სისტემამ უმუშევრობა ქვეყანაში კიდევ უფრო გაზარდოს.

მათი აზრით, ახალი გადასახადი ქვეყანაში რეფერენდუმის საფუძველზე უნდა დაწესებულიყო, თუმცა, ოპონენტების ამ შენიშვნას საპარლამენტო უმრავლესობაში არ იზიარებენ.

ქართულ ოცნებაში იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით რეფორმას არ შეაფერხებს.

საპენსიო ფონდის რეფორმა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დაგროვებითი პენსიის რეფორმაში ჩართვა სავალდებულოა ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტომდე არ იყო 40 წლის. ფორმულის მიხედვით, დასაქმებული საკუთარი ხელფასიდან, იგულისხმება დღგ-ს ჩათვლით ხელფასი, იხდის 2%-ს. 2%-ს იხდის დამსაქმებელიც და ასევე სახელმწიფოც.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები