26 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
ტრაგედია ჭავჭავაძეზე, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - 12 დაშავებულიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

ტრაგედია თბილისში - სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა. ტრაგიკული შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დილით 8:00 საათზე მოხდა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 12-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის მედპერსონალმაც.

ჭავჭავაძის 64 ნომერში კომპანია „რედიქსის“ დაკვეთით საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერებიც. თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.

მძღოლი, რომელიც სასწრაფოს მანქანას მართავდა, პოლიციამ ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავა. დაკითხვამდე ის ალკოტესტზე შეამოწმეს და დადგინდა, რომ მომხდარის დროს არანაირი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.

დაკავების შემდეგ სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომელი საავადმყოფოში მოათავსეს. მას ექიმებმა ტვინის შერყევა დაუდგინეს. სავარაუდოდ, კლინიკიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ხვალ გადაიყვანენ, სადაც ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

ამ დრომდე სხვადასხვა კლინიკაში რჩება დაშავებულთა ნაწილი. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთ პაციენტს ფეხის ამპუტაციაც დასჭირდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლის უყურადღებობა, რამაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს უკავშირდება. ღამის განმავლობაში ის 32 გამოძახებაზე იმყოფებოდა, თუმცა ოფიციალური უწყებები ამაზე განმარტებებს არ აკეთებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები