26 აპრილი 2024,   21:23
ვრცლად
პირბადეების, მედიკამენტებისა და ანტივირუსული მალამოების დეფიციტი - H1N1-ის ვირუსით გარდაცვალების ფაქტები პანიკის საფუძველი გახდა 

ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების გამო პანიკაა დედაქალაქში. აფთიაქებში აღარ იშოვება პირბადეები, დეფიციტშია თერმომეტრები და ანტივირუსული მალამოებიც. ვირუსის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება „ტამიფლუს“ მარაგი ამოეწურათ სააფთიაქო ქსელებს. 

ქვეყნის სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყება კიდევ ერთი კვირით გადაიდო. გრიპის ვირუსის გავრცელების მასშტაბის გამო, ერთობლივი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, განათლების სამინისტროსა და თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მიიღეს. 

გარდა იმისა, რომ მედიკამენტის მარაგი სააფთიაქო ქსელებში არ არსებობს, მისი ფასი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად დიდია. დაახლოებით ერთი თვის წინ, „ტამიფლუ“ ქვეყანაში 50 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი 76 დან 93 ლარამდე მერყეობს. მეზობელ თურქეთში ამ მედიკამენტის შეძენა 19, რუსეთში კი 29 ლარად არის შესაძლებელი. ექიმები გრიპის ვირუსის გართულებების თავიდან ასარიდებლად მოქალაქეებს ისევ ვაქცინაციას ჩატარებას ურჩევენ, რომელიც ფასიანია და მისი ღირებულება 30-დან 50 ლარამდე მერყეობს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გამო სამედიცინო დაწესებულებებში 600-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, მათგან 40 მძიმე მდგომარეობაშია. ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, ეპიდემია არ არის, თუმცა ეს ციფრები მაინც საყურადღებოა.

ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში 14 ადამიანი დაიღუპა. ბოლოს, 9 თვის ბავშვი გორის კლინიკაში გვიან ღამით გარდაიცვალა.

ლაბორატორიამ H1N1 შტამი უკვე დაადასტურა გარდაცვალების 10 შემთხვევაზე. მედიკოსები ვირუსის გავრცელების ახალ ტალღას თებერვლის შუა რიცხვებში ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები