26 აპრილი 2024,   18:57
ვრცლად
TBC ბანკის საქმე - დამფუძნებლები შესაძლოა საბანკო საქმიანობას ჩამოაშორონ

„თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, გამოძიების დამატებით კითხვებს უპასუხონ. მსხვილი ფინანსური ორგანიზაციის დამფუძნებლები „თიბისი ბანკის“ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნებზე საუბარს, მიზანმიმართულ დისკრედიტაციად მიიჩნევენ.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ბანკის კაპიტალის გასაზრდელად 10 წლის წინ ჯამში 80 მილიონი ისესხეს, საიდანაც ნაწილი 17 მილიონი - „სამგორი M:-სა და „სამგორი თრეიდისგან“. ფული მთლიანად ბანკს მოახმარეს და სხვა მიზნებისთვის არაფერი დახარჯულა, შესაბამისად არც შავი ფული გათეთრებულა.

სასამართლოში უკვე გამოკითხეს მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი. თუმცა რატომ არაფერი ჰკითხეს „სამგორი M-სა“ და „თრეიდის“ რეალურ მფლობელს, ვახტანგ წერეთელს უცნობია. ორივე კომპანიის მფლობელი არა ავთანდილ წერეთელი, არამედ ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელია.

გამოკითხავს თუ არა პროკურატურა ხელმეორედ „თიბისის“ დამფუძნებლებს, დამატებით ინფორმაციას საგამოძიებო უწყება არ ავრცელებს. პროკურატურის განმარტებით, მძიმე ბრალდების მიუხედავად, ბანკის საქმიანობისგან დამფუძნებლების განრიდების აუცილებლობა ჯერჯერობით არ დგას, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე TBC-ის“ საქმიანობას ჩამოშორებოდნენ, საქმის შესწავლის პროცესში ეროვნულმა ბანკმა დააყენა. მოთხოვნა TBC-იმ მიიღო თუმცა უცნობია, საბოლოოდ მივიდა თუ არა ეს პროცესი ფინალურ ეტაპამდე.

საბანკო საქმიანობასთან ხაზარაძის და ჯაფარიძის დისტანცირების შესახებ ინფორმაციას ბანკში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ეროვნულ ბანკში კი ამ საკითხზე ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავეს.

„თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე პროცესებს აკვირდება სახალხო დამცველის აპარატი.

ექსპერტების შეფასებით კი, განვითარებული მოვლენები საგანგაშოა და უკვალოდ არ ჩაივლის. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ღიად საუბრობდა, რომ ასეთ მასშტაბურ საქმეზე გამოძიების დაწყება პოლიტიკური დაკვეთის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

დღის ამბები