26 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
დაზიანებული მოსავალი - აჭარასა და გურიაში შესაძლოა ტონობით ციტრუსი გადაყარონ

აჭარასა და გურიაში შესაძლოა ციტრუსის ტონობით მოსავალი გადაყარონ. გლეხების თქმით, მანდარინის 90% დაზიანებულია, თუმცა ადგილობრივები ვერც სარეალიზაციოდ ვარგისი მოსავლის გაყიდვას ახერხებენ.

მოსახლეობა ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ახსენებს და დახმარებას ითხოვს.

„არის მანდარინი ჩასაბარებელი, კლიენტი არ არის, რომ ჩააბარო და ფულით ისარგებლო. თუ დალპება გადავყრი , მეტის საშუალება არ არის. ერთი კილოგრამი არ გამიყიდია. დანარჩენი აგერ არის და თქვენც ხედავთ, რომ ლპება. რამდენი დრო გადის, იმდენი აკლდება. რითი უნდა გადავიხადოთ მე არ ვიცი. თუ ჩამომაწერენ კრედიტს,როგორღაც კიდევ პენსიით გაიტანს კაცი. ხომ ხედავთ ხალხს ყველას უჭირს, გაჭირვებული ყველაა," - ამბობს შოთა აბუსელიძე.

ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას. გლეხების თქმით, ციტრუსი დაზიანდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლებში ​ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები ჩაატარა.

„რაც ფაროსანას წამალი გამოუშვეს და დაწამლეს, ამის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. წლევანდელ მოსავალს ვერ ვასაღებთ. მოკლედ ციტრუსი გააშავა, გააფუჭა როგორც ასეთი 80% მინიმუმ მაინც,“ - აცხადებს ჯუმბერ აბუსელია.

რაც შეეხება მანდარინის საბაზრო ღირებულებას, გლეხების თქმით თუ წინა წლებში 1 კილოგრამი მანდარინის ფასი 70 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობდა, წელს მანდარინის ფასი არის 20 თეთრამდე შემცირებული.

გლეხების ბრალდებებს უარყოფს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.  ტიტე აროშიძე ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებების გამო მოსავლის დაზიანებას გამორიცხავს. 

„უხარვეზოდ მიმდინარეობდა ციტრუსის სეზონი. მე ვერ ვიტყვი, რომ მოსახლეობას გაუჭირდა წელს ციტრუსის რეალიზაცია, პირიქით დღეს ქობულეთში არის ხარისხიანი ციტრუსის დეფიციტი. დღესაც მქონდა კონტაქტი კომპანიებთან, რომლებიც ექსპორტზე მუშაობენ და ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან უნდათ გაიტანონ ექსპორტზე ციტრუსი და დადიან მოსახლეობაში, რომ შეაგროვონ ხარისხიანი ციტრუსი. რაც შეეხება უხარისხო ციტრუსს, მუშაობს გადამამუშავებელი ქარხანა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამუშავებს მიღებულ პროდუქტს და შესაბამისად არც მათ შექმნია ხარვეზი,“- განაცხადა ტიტე აროშიძემ.

გლეხების თქმით ქობულეთში მხოლოდ ერთი ქარხანა ფუნქციონირებს, რომელიც ემსახურება მთლიანად აჭარისა და გურიის რეგიონს. ერთი ქარხანა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ტონობით მიღებული მოსავლის გადამუშავება და სწორედ ამის გამო გლეხებს კვირა დღესაც უწევთ რიგში დგომა.

„იმაზე მეტი მოდის მსურველები ჩააბაროს ნაყოფი, ვიდრე ჩვენ ფიზიკურად შეგვიძლია, რომ გადავამუშავოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადამუშავების გარეშე დარჩება 1 კილოგრამიც კი. ყველას გადავამუშავებთ. თვითონ ეს პრეპარატები ლიცენზირებული პრეპარატებია. მე ვფიქრობ, რომ არასწორი შეწამვლის გამო იქნა გაშავებული ნაყოფი. ჩვენთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ ვღებულობთ ამგვარ ნაყოფს.“ -  განმარტავს კომპანია ”ჯი-ემ გრუპის” დირექტორი, რევაზ გოგიტიძე.

დღის ამბები