26 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
მოსახლეობა ციტრუსს ვერ ყიდის - გლეხები პროდუქტისთვის ფერის შეცვლას ფაროსანას საწინააღმდეგო წამალს აბრალებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გლეხებს ტონობით მოსავალი უფუჭდებათ. ადგილობრივების თქმით, პროდუქტი ფერშეცვლილია და არავის უნდა. მოსახლეობა ამ ფაქტს ფაროსანას საწინააღმდეგო წამალს აბრალებს. 

გლეხებმა არ იციან, სად გაყიდონ უკვე ყუთებში ჩალაგებული ციტრუსი. როგორც ამბობენ, წელს, შარშანდელთან შედარებით, მანდარინის ფასი, თითქმის, ორჯერ ნაკლებია, თუმცა, მსურველი მაინც არ ჩანს.

ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელ ერთადერთ მოქმედ ქარხანაში კი, სადაც დაზიანებულ მოსავალს იბარებენ, რიგების გამო, კვირაობით უწევთ ლოდინი, მანდარინი კი ყოველდღიურად ფუჭდება.

გლეხები დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდებიან. ამბობენ, რომ ქობულეთში მხოლოდ ერთი გადამამუშავებელი პუნქტის მუშაობა საკმარისი არაა.

პრობლემის მოგვარებას ითხოვს ოპოზიციაც.

მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. მისი თქმით, მართალია რეგიონში ხარისხიანი მოსავლის დეფიციტია, თუმცა, ეს ფაროსანას საწინაღმდეგო შეწამვლის ბრალი არ არის.

რაც შეეხება დაზიანებულ ციტრუსს, ქარხანაში აცხადებენ, რომ ის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

თუ უახლოეს დღეებში ციტრუსს ვერ გაყიდიან, გლეხები შიშობენ, რომ მოსავალი გაუფუჭდებათ. ასეთ შემთხვევაში კი, ვერც ხარჯებს აანაზღაურებენ და ვერც კრედიტებს დაფარავენ.

 

 

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები