26 აპრილი 2024,   14:18
ვრცლად
ვიღაცამ გაზის ბალონი აიტანაო ხუმარა ტონით უთქვამთ - ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლები "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებზე

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ადგილობრივი მაცხოვრებლები ტრაგედიიდან მეორე დღეს იხსენებ. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ არა მარტო  საცხოვრებელი სახლები, არამედ ეზოში მდგარი ავტომობილებიც კი დაზიანდა.

ადგილობრივების თქმით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნს გრძნობდნენ, შემოწმების მიზნით გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

ადგილობრივები სრულ პასუხისმგებლობას კომპანია „ყაზტრანსგზას“ აკისრებენ.

„სუნი იდგა, ორჯერ გამოიძახეს. პირველად რომ შეამოწმეს არაფერიაო, მერე კიდევ, მძაფრად რომ იყო თავიდან გამოიძახეს და ფაქტამდე დაახლოებით, ორი საათით ადრე წასულან როგორც გავიგე. ვიღაცამ გაზის ბალონი აიტანაო, მე მგონი ცოტა ხუმარა, იუმორნარევი ტონით უთქვიათ. არ ვიცი, მე არ შევსწრებივარ ამ ფაქტს, მაგრამ მეზობლები ამბობენ. მე რომ მოვედი სახლში, ჩემთან ერთად პიროვნება იყო, ლიფტში შევედით, კიდევ დგას მეთქი სუნი, იმან არ იცოდა მოვუყევი და მეექვსე სართულზე ჩამოვიდა, როგორც გავარკვიე ეგ არის გარდაცვლილი, ეგ შევიდა ბინაში და სანამ მეცხრეზე ავედი, ლიფტიდან გამოვედი თუ არა დამეცა ყველაფერი ზემოდან,“ - ამბობს დანგრეული კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

მიმდებარე კრუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი ბოლო სამი დღის განმავლობაში იგრძნობოდა.

„როცა ჩართვის საკითხი დგებოდა, ძალიან მკაცრად ითხოვდა ყველა დეტალს „ტრანს გაზი“. მე მაგალითად, მინიმუმ 6-ჯერ მომიწია რაღაც პატარა დეტალის გამო, რაც კი დააეჭვებდათ, ჩართავს ადვილად არ აკეთებდნენ და მე ვერ გეტყვით, რა უნდა მომხდარიყო,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე. მისი თქმით, მიმდინარეობს შესწავლა და დადგინდება, სამომავალოდ იქნება თუ არ კორპუსში ცხოვრება მოსახლეობისთვის უსაფრთხო.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, აგრეთვე მუშაობს მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც დაადგენს, თუ რა მდგომარეობაშია კორპუსი, საცხოვრებლად ვარგისიანია თუ არა. რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, რომ მოსახლეობა რომ შევა არავითარი ხიფათი არ არის. ამ ეტაპზე, გაყვანილი გვყავს 31 ადამიანი სასტუმროებში, ანუ 9 ოჯახი, ვინც მოგვმართა და არ აქვთ ალტერნატიული, ისინი უზრუნველყოფილნი არიან ყველაფრით,“ - ამბობს გაიოზ ვასაძე.  

წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად ბუნებრივი აირის გაჟონვა შენობის მეექვსე სართულზე, ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში მოხდა. ბინა მოქალაქე გურგენ თხელიძეს ეკუთვნის. ის სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა როდესაც მას მეზობლები დაუკავშირდნენ, მოქალაქემ საკუთარ სახლში ნათესავი გააგზავნა. როდესაც გურგენ თხელიძის ნათესავი ავთანდილის 8 ნომერში, მეექვსე სართულზე ავიდა და დაკეტილი ბინის კარი გააღო, აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა. მამაკაცი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა შორის არის. 

 

 

 

 

 

დღის ამბები