01 მაისი 2024,   02:52
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - ადვოკატი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. რამდენიმე წუთში სასამართლომ თორნიკე ტატიშვილისა და ვაზელ მამადიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. ორივე მათგანს გამოძიება გულგრილობას ედავება. საქმე დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას ეხება, რა დროსაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 4 წლის ბავშვია.

როგორც ცნობილია, "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები კორპუსის მცხოვრებლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ადგილობრივებმა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს, თუმცა, "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ გაყვანილობა წესრიგში იყო და გაზის სუნი საღებავის სუნში ეშლებოდათ. რამდენიმე საათში კი ავთანდილის 8 ნომერში ტრაგედია დატრიალდა.

წარდგენილ ბრალში „ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ისინი ამბობენ, რომ ადგილზე შესაბამისი მოწყობილობით მივიდნენ და აპარატმა გაზის დონის მატება არ დაადასტურა.

დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და ალტერნატივის სახით, გირაოს შეფარდებას ითხოვს. 

„როდესაც მივიდნენ სუნი აღარ იგრძნობოდა ადგილზე. შეამოწმეს სპეციალური აპარატის მეშვეობით. ნული პროცენტი აჩვენა აპარატმა. არ იყო აპარატი მწყობრიდან გამოსული იმიტომ, რომ იმის შემდეგ იყო სხვა მისამართზე გამოძახება და იგივე აპარატით მოხდა შემოწმება და იქ დადგინდა გაჟონვის კვალი რაზეც რეაგირება მოხდა,“- განაცხადა თორნიკე ტატიშვილის ადვოკატმა, თამარ ჯაფარიძემ.

უცნობია, რა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს პროკურატურა. ბრალდების მხარემ კომენტარი არ გააკეთა. 
 

ამავე თემაზე
დღის ამბები