26 აპრილი 2024,   13:56
ვრცლად
საკადრო ცვლილებები, ურჩი დეპუტატები და უვადო მოსამართლეები - მმართველ გუნდში შეხვედრა ჩაინიშნა 

საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის და რადიკალური გადაწყვეტილებების მოლოდინში - საპრეზიდენტო არჩევნების და პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში, პარტიის თავმჯდომარეს უმრავლესობის წევრები პირველად ხუთშაბათს შეხვდებიან.

სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდს მოსამართლეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით ახალ მითითებას მისცემს. არსებული ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება გუნდის ურჩი წევრების მიმართ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ურჩი დეპუტატების თემა იქნება, თუმცა მიიღებენ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას ურჩი დეპუტატების გარიცხვასთან დაკავშირებით, ამაზე დეპუტატი არ საუბრობს.

„განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებულ თემას. სხდომას დაესწრება ყველა წევრი, უმრავლესობის ყველა წევრს აქვს მოწვევა სხდომაზე დასასწრებად,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს, აღნიშნულ საკითხზე არჩილ თალაკვაძე არ საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ აკონკრეტებს შეცვლის თუ არა გიორგი გახარია მამუკა ბახტაძეს.

„მათ მხოლოდ ახლა მიიღეს მოწვევა და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობის ყველა წევრს აქვს მიწვევა, რომ დაესწროს უმრავლესობის სხდომას. ცვლილებები, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, პირველ რიგში ეხება პარტიაში ახალი კადრების მოყვანას. ეხება ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართვას ქართული ოცნების საქმიანობაში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტილებებს, ამასთან დაკავშირებით იყო საუბარი, ვფიქრობ, "რუსთავი 2"-ის მხრიდან ეს გადაითარგმა მხოლოდ ერთი მიმართულებით, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა. თუ რამე ცვლილებები იქნება, ამასთან დაკავშირებით თქვენ საქმის კურსში იქნებით. ამ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები არ განიხილება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები