02 მაისი 2024,   23:32
ვრცლად
აფეთქებები, გაზით გაგუდვა და ათობით ინტოქსიკაცია - საკანონმდებლო ორგანო რეგულაციების გამკაცრებაზე მსჯელობას იწყებს

21-სართულიანი კორპუსი ბერი გაბრიელის ქუჩაზე დღეს აფეთქებას გადაურჩა. ბუნებრივი აირი დირსის ახალაშენებულ კორპუსში ორი დღის განმვალობაში ჟონავდა. გაზი ჰერმეტულად დახურულ ბინაში გროვდებოდა. სამაშველო სამსახური  კორპუსის მორიგემ მას შემდეგ გამოიძახა, რაც სუნი იგრძნო.

მხუთავი აირით ინტოქსიკაციის კიდევ ერთი ფაქტი დღეს რუსთავში მოხდა. სამი წლის ბავშვი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

ორი მამაკაცი გარდაიცვალა გასულ ღამეს ვარკეთილში. მიზეზი ამჯერადაც ბუნებრივი აირი გახდა.

მეზობლები ყვებიან, რომ გაზის სუნს სადარბაზოშიც გრძნობდნენ. გაზგამანაწილებელ კომპანიაში კი ამბობენ, რომ 70 წლამდე მამაკაცის ბინა დეკემბერში შეამოწმეს და იქ გაზის გამათბობელი არ იყო.

კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცმა გამათბობელი კუსტარულად დაამონტაჟა.

აფეთქებები, გაზით გაგუდვა და ათობით ინტოქსიკაცია - სახელმწიფომ მხოლოდ ტრაგიკულად დასრულებული შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა კანონის გამკაცრება.

პარლამენტში დღეს საგანგებო შეხვედრაზე გადაწყდა,შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახალ რეგულაციებს დაამტკიცებს. არ არის გამორიცხული, სახელმწიფომ გაზგამანაწილებელი კომპანიებს ყველა საცხოვრებელი ბინის გაზის დეტექტორით აღჭურვა დაავალოს.

დეტექტორი, ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში, ხმოვან სიგნალს გამოსცემს. მექანიკური ჩამკეტი, საავარიო სიტუაციის შემთხვევაში, ბინაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს.

როგორ მოხდება მოსახლეობის აღჭურვა ამ აპარატურით, ჯერ დადგენილი არ არის. თუ სახელმწიფო მის შეძენას გაზგამანაწილებელ კომპანიებს დაავალებს, ეს ფასი ტარიფზე აისახება. სხვა შემთხვევაში კი, საკმაოდ ძვირადღირებული აპარატის ყიდვა მოსახლოებას თავად მოუწევს. 

დღის ამბები