26 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა - თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ძირითად პრინციპებზე გუნდმა შეთანხმებას მიაღწია.

„საგაზაფხულო სესიაზე მოსამართლეობის იმ კანდიდატურებზე, რომელიც ახალი წესით და კრიტერიუმებით იქნება შერჩეული, ვიმსჯელებთ სათითაოდ,“ - ამბობს თალაკვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, კრიტერიუმების შემუშავების პროცესს ირაკლი კობახიძე გაუძღვება და მასში მესამე სექტორთან ერთად ოპოზიციური პარტიებიც იქნებიან ჩართულები.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომ იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და თქვენ თვითონ ნახავთ უკვე პირველ სამუშაო შეხვედრაზე წარმომადგენლობას. პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება ამ პროცესს და მას ექნება გუნდის მხარდაჭერა პროცესთან დაკავშირებით,“ - ამბობს თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გუნდში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით თანხმობა არის მიღწეული.

„სხვა პრინციპები, რაზეც ვიმსჯელეთ და გუნდში არის თანხმობა, ეს არის ის, რომ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავალშიც მოემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების გამტკიცებას და რაც მთავარია, უზენაეს სასამართლოში პროფესიონალი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი მოსამართლეების დამტკიცებას.

„გასაკუთრებით იყო განხილული საგაზაფხულო სესიაზე კენჭისყრასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც ჩვენ კანდიდატურებზე გვექნება მსჯელობა. მინდა, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იცოდეს უმრავლესობის პოზიცია, რომ თითოეულ კანდიდატურაზე იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ კანდიდატურას და არა მთლიან სიას ერთად უყრის კენჭს პარლამენტი,“ - ამბობს თალაკვაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები