16 ოქტომბერი 2019,   02:28
ვრცლად
პაციენტის გარდაცვალებას ბათუმის მედცენტრის ექიმის უყურადღებობას უკავშირებენ და მას სასამართლოში უჩივიან

ბათუმის მედცენტრის ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სასამართლოში უჩივიან. სწორედ ბეჟან ხოზრევანიძის უყურადღებობას უკავშირებენ ჩხობაძეები მათი ოჯახის წევრის, 51 წლის ქალის გარდაცვალებას.

51 წლის ელზა ჩხობაძე 14 დეკემბერს თირკმლის შეტევით კლინიკის ემერჯენსის განყოფილებაში რამდენიმე საათის ინტერვალით ორჯერ შეიყვანეს. შვილის მტკიცებით, ქალს მხოლოდ გამაყუჩებლები გაუკეთეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. ის მორიგე ექიმს, ბეჟან ხოზრევანიძეს უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.

გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის მტკიცებით, მკურნალ ექიმს ლიცენზია ერთი თვით შეჩერებული ჰქონდა. 51 წლის ქალი კი, ლიცენზიის აღდგენიდან 4 დღეში გარდაიცვალა. ოჯახს პრეტენზიები კლინიკის მენეჯმენტის მიმართაც აქვს. გარდაცვლილი ქალის შვილი ამბობს, რომ კლინიკიდან მას თანხა შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ პაციენტის გარდაცვალებისთვის არ ეჩივლა.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ბეჟან ხოზრევანიძეს პაციენტის ახლობლები ედავებიან. ექიმის ლიცენზიის შეჩერების მიზეზი კიდევ ერთი პაციენტის ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება გახდა. გარდაცვლილის მამის მტკიცებით, მის შვილს ინფარქტი ჰქონდა, თუმცა ცუდად ყოფნა ექიმმა კუჭის პრობლემებს დაუკავშირა და პაციენტს შესაბამისად არ უმკურნალა.

კიდევ ერთი 53 წლის ქალის ოჯახიც წევრებიც ამტკიცებენ, რომ პაციენტი გულის პრობლემით გარდაიცვალა, თუმცა ბეჟან ხოზრევანიძემ მდგომარეობა სწორად ვერ შეაფასა.

ბრალდებებს უარყოფს თვითონ ექიმი და პაციენტების ახლობლებს საპასუხო ბრალდებებით პასუხობს. 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

 

 

დღის ამბები