16 ოქტომბერი 2019,   02:40
ვრცლად
ავაქიანი, რომლის ძეგლი ახალქალაქში დადგეს, შესაძლოა, აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა

დიპლომატიური უთანხმოების საფრთხე აზერბაიჯანთან - მთიან ყარაბაღში განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ მიხაილ ავაქიანს ახალქალაქში ძეგლი დაუდგეს.  20 იანვარს მიხაილ ავაქიანის ძეგლი საზეიმოდ გახსნეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. პრეზენტაციას "ქართული ოცნების" ორი დეპუტატი, ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე საგანგებოდ დაპატიჟეს სომხეთის ელჩი საქართველოში. 

ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ძეგლი 25 წელია, ბუღაშენში დგას, თუმცა, როგორც გაირკვა, ძველ და ახალ მონუმენტს სხვადასხვა ავტორი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველი ძეგლი ახლით შეცვალეს. 

აზერბაიჯანში უკვე მეორე კვირაა, ქართული მხარის ახსნა-განმარტებებს ელიან, თუ რატომ ჩაერივნენ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები სხვა ქვეყნის კონფლიქტში.

აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, მიხეილ ავაქიანი აქტიურად იყო ჩართული ხოჯალის სისხლიან გენოციდში, რასაც 700 ეთნიკური აზერბაიჯანელი შეეწირა, მათ შორის ქალები და ბავშვები. ავაქიანს ყარაბაღის მოვლენების დროს "კობრას" მეტსახელითაც მოიხსენიებდნენ.

გარდა ამისა, ავაქიანი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საბჭოეთის ძალოვან უწყებებში და როგორც მისი თანასოფლელები იხსენებენ, წლების განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის მილიციაშიც. რამაც გააჩინა კითხვა, ხომ არ იყო ის დაკავშირებული ე.წ. ბაგრამიანის ბატალიონთან, რომელიც ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ბაგრამიანის ბატალიონთან ავაქიანის კავშირების შესწავლას თბილისსა და ბაქოშიც ერთნაირად ითხოვენ.

უშიშროების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების აზრით, პრობლემა სისტემურია და აზერბაიჯანელებზე მეტად ახლა ქართულ მხარეს უნდა აინტერესებდეს იმის გარკვევა, ვინ და რატომ უთხრის ძირს ქართულ სახელმწიფოს. სისტემურ პრობლემაზე საუბრობს ოპოზიციაც.  

 

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი. 

დღის ამბები