26 აპრილი 2024,   19:11
ვრცლად
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - პოლიტიკური ბრალდებების შემდეგ ეკა ბესელია მორალური ტერორის სამიზნე ხდება

სკანდალური კადრები, რომელიც ეკა ბესელიას პირად ცხოვრებას ასახავს - ვიდეო ჩანაწერი გვიან ღამით სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებს მალევე გამოეხმაურა ლონდონში მივლინებით მყოფი ეკა ბესელია, რომელმაც განაცხადა, რომ მორალური ტერაქტების სერიის მსხვერპლია. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რეაგირება მისივე თანაგუნდელებისგან მოითხოვა და შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს და სუს-ის უფროსს მიმართა.

კადრებს ეკა ბესელიას თანამებრძოლების მწვავე რეაქციაც მოჰყვა. დავით ჭიჭინაძემ მომხდარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა და პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძეს დააკისრა.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო. ძიების საფუძველი დეპუტატ ჭიჭინაძის საჯარო განცხადება გახდა. გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს უმრავლესობიდან გარიცხული დეპუტატი. პროცესში ჩაერთო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ინფორმაცია დეპუტატისგან უკვე გამოითხოვა.

ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაც და მისი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესახებ სტატიებიც ერთი კამპანიის ნაწილია. ყველაფერი გასულ კვირას დაიწყო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებულ ეკა ბესელიაზე სოციალურ ქსელში გავრცელა პუბლიკაციები, სადაც წერია, რომ "ქართული ოცნების" ლიდერმა პოლიტპატიმართა სიაში ჩასმისთვის ბიზნესმენ ილია დალაქიშვილი დიდი ფული გამოართვა. ამავე სტატიის მიხედვით კონსპირაციული შეხვედრა თურქეთში შედგა და არსებობს ამ მოლაპარაკებების ამსახველი ვიდეო ჩანაწერიც. "კურიერი" დღეს ბიზნესმენ დალაქიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ციხე მართლაც პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. დალაქიშვილიც და მისი ადვოკატიც ამტკიცებენ, რომ იმ დროისთვის ოჯახს ფული არ ჰქონდა და ეკა ბესელიას ქრთამს ვერ გადაუხდიდნენ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელება და მორალური შანტაჟი "ქართული ოცნებისგან" არ უკვირს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ამ მეთოდს 2012 წლიდან აქტიურად იყენებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები