17 ივლისი 2019,   13:22
ვრცლად
"თიბისი ბანკის" ირგვლივ დაპირისპირება უფრო მწვავდება - ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 20%-იანი წილის გაყიდვას აიძულებენ

თიბისი ბანკის ირგვლივ დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება - მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან წილის 20%-ის დათმობას მოითხოვენ.

კურიერის ინფორმაციით, ბანკის უმსხვილეს აქციონერებს ხელისუფლება აიძულებს, 20-პროცენტიანი წილი გაყიდონ და მიზნის მისაღწევად, მამუკა ხაზარეძესა და ბადი ჯაფარიძეზე უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს.

წილები ჯერ ოფიციალურ არ გაუსხვისებიათ, თუმცა, თიბისი ბანკის მმართველობაში ცვლილებები უკვე დაიწყო. ბანკის ერთ-ერთმა ძველმა მმართველმა - გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა ღაზაძემ, თანამდებობა დატოვა. ის მუშაობას თიბისი დაზღვევაში გააგრძელებს.

ცვლილებები შეეხო თიბისი ჯგუფის კიდევ ერთი უმსხვილეს პროექტს. ანაკლიის პორტის მმართველ საბჭოში თანამდებობა დატოვა კურტ კონტიმ. მას თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ჩაანაცვლებს.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, ამტკიცებს, რომ ხაზარაძეს წილის გაყიდვას ხელისუფლება ზეწოლით აიძულებს. ხაზარაძეს ახლა ორი არჩევანი აქვს, ან ბანკი დათმოს ან საჯარო თქვას იმ ზეწოლაზე, რომელიც მასზე მიმდინარეობს.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ უმძიმეს დანაშაულში ფულის გათეთრებაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, თუმცა, საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ სათქმელი ამ ეტაპზე არაფერია.

კურიერი თიბისის საქმეზე საზედამხედველო უწყების - ეროვნული ბანკის, პოზიციებითაც დაინტერესდა. კურიერის წყაროს ინფორმაციით, სწორედ თიბისი ბანკის საქმე იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს და საბჭოს მოქმედ წევრს - მურთაზ კიკორიას, თანამდებობის დატოვება გადააწყვეტინა.

ჯერ კიდევ შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც თიბისის საკითხზე ქვეყნის ცენტრალური ბანკი აქტიურად მუშაობდა და დააჯარიმა კიდეც, კიკორიამ მოულოდნელად წასვლა გადაწყვიტა, თუმცა, ის ამ თანამდებობაზე შვიდი წლის ვადით იყო არჩეული.

თიბისი ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს აკვირდება ბანკების ასოციაციაც. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ახლა მთავარი ამ პროცესის გამჭვირვალობაა.

კურიერის ინფორმაციით, თიბისი ბანკის აქციების შესახებ ინტერესის უკვე აქვს რამდენიმე საერთაშორისო კორპორაციას. საბოლოოდ ვის ხელში აღმოჩნდება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი ბანკი, ჯერ უცნობია.

დღის ამბები