26 აპრილი 2024,   18:07
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ანა დოლიძის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის დაპირისპირება გრძლედება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ანა დოლიძის, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრის, ლეგიტიმაციის საკითხი დააყენეს.

გვრიტიშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ანა დოლიძე კანონმდებლობის დარღვევით დანიშნა საბჭოში. აქედან გამომდინარე, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა დაწერა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზეც უნდა იფიქროს.

„იცით, რატომ არ აქვს ლეგიტიმაცია ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის?

1. "საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-11 პრიმა პუნქტის თანახმად, პრეზიდენტყოფილ მარგველაშვილს ის კონკურსის წესით უნდა დაენიშნა. გაგიგიათ ვინმეს ასეთი კონკურსის ჩატარების შესახებ? მე არა! ანუ, თუ ანა დოლიძე უკონკურსოდ დაინიშნა, ჩადენილია კანონდარღვევა და მისი დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი ბათილია!

2. თითქმის ყველა უწყებას და პროფესიულ ჯგუფს აქვს ეთიკური წესები, რომელიც უნდა დაიცვას ამ უწყებაში დასაქმებულმა ან პროფესიულ ჯგუფში გაწევრიანებულმა პირმა. ეთიკური წესები კი ამ პირს პირველ რიგში ავალდებულებს - იზრუნოს უწყების/პროფესიული ჯგუფის ინტერესების დაცვასა და ავტორიტეტის ამაღლებაზე.

ანა დოლიძე კი რას აკეთებს? შანსს არ უშვებს, ძირი გამოუთხაროს სასამართლო ხელისუფლებას და დააკნინოს საზოგადოების, უცხოელების თვალში! იტყუება ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ზრუნავს მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე, სასამართლოს დისკრედიტაციის ხარჯზე! შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იფერებს ხოლმე, როცა ვინმე დაუწერს: "ანა, თქვენ საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდით!“ და გულაჩუყებული უხდის მადლობებს.

3. ანა დოლიძე არ მონაწილეობს არც ერთ ღონისძიებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან სასამართლოს დადებითად წარმოაჩენს! იქ კი, სადაც სასამართლოს ლანძღავენ, ის პირველი მიდის!

სწორედ ამ სამი გარემოების გამო, ანა დოლიძეს არ აქვს ლეგიტიმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის,“ - ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. 

დღის ამბები