26 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ავლაბრის რეზიდენციის ფუნქციაზე მსჯელობს, შენობა დაათვალიერა

ავლაბრის რეზიდენციის სამომავლო ფუნქციის განსასაზღვრად სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისიის წევრების ნაწილმა პრეზიდენტის სასახლე დღეს პირადად დაათვალიერა და ახლა მისი ბედი უნდა გადაწყდეს.

ორი დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შესაძლოა ქართული კულტურის მუზეუმი განთავსდეს.

ამ ვერსიაზე არ საუბრობს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ენძელა მაჭავარიანი. დეპუტატის თქმით, დღეს პრეზიდენტის სასახლე, მხოლოდ და მხოლოდ, დაათვალიერეს და კონკრეტულ ვერსიებზე შემდეგ იმსჯელებენ.

ენძელა მაჭავარიანი ამბობს, რომ სასახლის ნაწილს კვლავ უცხოური დელეგაციების მისაღებად გამოიყენებენ, ხოლო თუ რა განთავსდება დანარჩენ ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, უცნობია.

„დავათვალიერეთ იმიტომ, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ნანახიც არ ჰქონდა. მე ერთხელ ვიყავი ნამყოფი იმ სასახლეში და უბრალოდ, წარმოდგენა რომ გვქონოდა. ხვალ იქნება შეხვედრა და განვიხილავთ რა მოთხოვნებია, რა უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს. რამდენადაც ამ ეტაპისთვის ჩემთვის ცნობილია, ძირითადი სასახლე რჩება მაღალი რანგის სტუმრების მიღებისთვის და ინარჩუნებს დაახლოებით, იმ ფუნქციას, რაც ახლა აქვს, ოღონდ არა მხოლოდ პრეზიდენტისთვის, არამედ პრემიერისთვის, საგარეოს ხელმძღვანელისთვის, ვისთვისაც საჭირო იქნება, თავად პრეზიდენტისთვის და ა.შ რომ იქ მიღებული იყოს მაღალი რანგის სტუმრები. დანარჩენი რა იქნება, ხვალ შევიკრიბებით, პროექტის ავტორი მობრძანდება, ბატონი გიგა ბათიაშვილი და განვიხილავთ, რა შეიძლება იყოს და რა განთავსდეს იქ. ადმინისტრაციის ნაწილზე არის საუბარი,“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ გადაწყდა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია არა ავლაბარში, არამედ ათონელზე განთავსდება. 

დღის ამბები