26 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
უპრეცედენტო თავდასხმა TBC ბანკზე - რეკეტი სახელმწიფოს სახელით სულ უფრო მასშტაბური ხდება

უპრეცედენტო თავდასხმა ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ჯგუფზე. რეკეტი სახელმწიფოს სახელით სულ უფრო მასშტაბური ხდება.

ეროვნული ბანკის მიერ „თიბისის“ დამფუძნებლებისთვის დოკუმენტებზე ხელმოწერის აკრძალვის შემდეგ, სავარაუდოდ, პროკურატურის მოთხოვნით, მამუკა ხაზარაძე ინვესტორებისთვის განკუთვნილ დახურულ სისტემაში კრიმინალად და ფულის გამთეთრებლად დაარეგისტრირეს.

ინფორმაცია presa.ge-ის სანდო წყარომ მიაწოდა. დახურული ბაზა, საერთაშორისო კომპანიებისთვის და ინვესტორების მთავარი სახელმძღვანელოა, რომელსაც კომპანიების და ბიზნესმენების შეახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებენ. სისტემაში შესვლა მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია.

მამუკა ხაზარაძე შავ სიაში, სავარაუდოდ, მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ფარული მოლაპარაკება ბიძინა ივანიშვილთან უშედეგოდ დასრულდა. გარიგების დეტალებს, „კურიერის“ ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან ბიძინა ივანიშვილის სახელით გიორგი გახარია 6 თვის განმავლობაში ათანხმებდა.

გარიგება არ შედგა, რის შემდეგაც, წლების განმავლობაში მივიწყებული ტრანზაქცია ბანკის და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად იქცა.

ფარულ მოლაპარაკებებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან შს მინისტრი უარყოფს. გიორგი გახარია აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ჩამოშორება, ბანკის საქმიანობაზე არ აისახება.

„ოცნების“ ლიდერები და მინისტრთა კაბინეტის წევრები, დღეს თიბისი ბანკის საქმეში პოლიტიკური მოტივების გამორიცხვას ცდილობდნენ.

ოპოზიცია ივანიშვილის და ხაზარაძის დაპირისპირების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის ერთ-ერთი, „ოცნების“ ლიდერისთვის, საბანკო სექტორის ხელში ჩაგდების სურვილია.

ოპოზიცია მიანიშნებს პოლიტიკური ეჭვიანობის მოტივებზეც, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების დროს მიანიშნა და მმართველი გუნდის წევრებთან დახურულ შეხვედრაზეც პირდაპირ თქვა, რომ შვილმოკლული მამების აქციებს მამუკა ხაზარაძე აფინანსებდა.

დაპირისპირების მთავარი მიზეზი, კი სავარაუდოდ, ანაკლიის პორტი გახდა, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაანონსდა. ამ დროს, პროექტის მონაწილე, ბიძინა ივანიშვილის იმდროინდელმა ფავორიტებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ანაკლიის პოსტის ნაცვლად, საკუთარ პოლიტიკურ სასაფლაოს თხრიდნენ.

ანაკლიის პორტის პროქტი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომლსაც მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვტილებას უკავშირებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე ამ დომდე სამოქმედო გეგმის შესახებ კონსულტაციებს გადის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან - თქვას თუ არა ხმამაღლა როდის და რა მიზეზით გადაიკვეთა მისი და ბიძინა ივანიშვილის გზები.

დღის ამბები