26 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
ძალადობა ხელბორკილდადებულ პატიმარზე - სამი ახალგაზრდის ოჯახი სამართალდამცავებს წამებისა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

სამი ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაში წამებისა და არაადამიანურ მოპყრობაში სამართალდამცავებს ადანაშაულებს. მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა კურიერს ძალადობის ამსახველი კადრები მიაწოდეს.

ვიდეოკადრების ავტორის ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილებაშია გადაღებული.

მასალაში კარგად ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციელები დაკავებულ ახალგაზრდას, ერთ-ერთი პოლიციელი მას ჯერ მაგიდაზე არტყმევინებს თავს და შემდეგ ცემას განაგრძობს.

ვიდეომასალაში ახსენებენ „ჭინჭილას“, რომელიც ერთ-ერთი დაკავებული - თამაზ კუჭაშვილია. ის ორ მეგობართან - ბექა სამარღანიშვილთან და თორნიკე საღინაძესთან, ერთად პოლიციელებმა 4 თებერვალს საღამოს ქუჩიდან წაიყვანეს, უთხრეს, რომ უფროსს მათთან დალაპარაკება უნდოდა.

კურიერს იმ ღამით გადაღებული სხვა ვიდეოც მოაწოდეს, სადაც, სავარაუდოდ, უკვე ბექა სამარღანიშვილის ცემაა ასახული.

პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდების ცემის უამრავ თვითმხილველს შორის არიან დაკავებულების მშობლებიც. ისინი ამბობენ, რომ ამბის მოსაკითხად მისულები პოლიციის განყოფილებიდან გამოყარეს და კარი ჩაუკეტეს.

ოჯახებმა მოგვიანებით გაიგეს, რომ განყოფილებაში თავის ფეხით მისულ ახალგაზრდებს სამართალდამცავები პოლიციაზე ჯგუფურ თავდასხმას ედავებოდნენ. ბრალის ფორმულირება მათთვის გაუგებარია.

დაკავებულების ოჯახის წევრები კიდევ ერთ საინტერესო დეტალზე საუბრობენ. მათი თქმით, პოლიციელები მთელი ღამე შიდა კამერების ჩანაწერებს უყურებდნენ, სადაც კარგად ჩანდა ახალგაზრდების სასტიკი ცემა.

გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 განყოფილების უფროსს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში თავად ბრალდებულებიც ადანაშაულებენ. დაკავებულებმა აღკვეთის განხილვისას სასამართლოში მომხდარის დეტალები მოყვნენ.

იურისტები იმის დამტკიცებას აპირებენ, რომ სამ ახალგაზრდას პოლიცია დაესხა თავს და არა პირიქით. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს მტკიცებულებები მე-9 განყოფილების თანამშრომლებისთვის საკმაოდ მძიმე განაჩენია.

ადვოკატების მტკიცებით, დაკავებულებზე პოლიცია ძალადობდა მაშინ, როდესაც პატიმრებს ხელბორკილი ედოთ და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ერთ-ერთი დაკავებული კი პოლიციელმა გათბობის რადიატორზე მიაბა და ამ ფორმით აწამა.

ადვოკატები ამბობენ, რომ პოლიციის განყოფილებაში მიყვანის მიზეზი ახალგაზრდებისთვის ცნობილი არ იყო. ადვოკატები ამბობენ, რომ ახალგაზრდების სასტიკი ცემის მოტივი არარსებული დანაშაულის აღიარებაა, რისთვისაც ისინი დღესაც 1990-იანების მეთოდებით მოქმედებენ.

დაკავებულების ოჯახის წევრები ახლა ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.

დღის ამბები