26 აპრილი 2024,   19:45
ვრცლად
ხელისუფლების მაღალჩინოსანი დათუნაშვილის დისკვალიფიკაციას ითხოვს - "კურიერმა" სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა

ჭიდაობის ფედერაციაში დაწყებული კონფლიქტის სკანდალური გაგრძელება - "კურიერმა" აუდიოჩანაწერი მოიპოვა, რომლითაც დგინდება, თუ როგორ ერევა საქართველოს ხელისუფლება სპორტში და როგორ უცხადებს მთავრობა მხარდაჭერას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს.

ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის დახურულ სხდომაზე, რომლის ჩანაწერიც "კურიერს" სანდო წყარომ მიაწოდა, სპორტისა და განათლების მინისტრის მოადგილე გეგა გეგეშიძის ქმედებებს ამართლებს. ის აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, მოჭიდავე დათუნაშვილისთვის დისკვალიფიკაცია მიეცათ, რათა სხვა ურჩმა სპორტსმენებმაც კარგი გაკვეთილი მიიღონ.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ესწრებოდა. ლერი ხაბელოვმა, თავდაპირველად, თქვა, რომ მსგავსი განცხადება მინისტრის მოადგილის მხრიდან არ გაკეთებულა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ "კურიერს" აუდიოჩანაწერი ჰქონდა, განმარტა, რომ მას ეს საუბარი არ გაუგია.   

„შეიძლება გამომრჩა, არ მომისმენია ეგეთი რაღაც. არ მახსოვს, რომ ასეთი რამე თქვა, რომ უნდა მივცეთ დათუნაშვილს დისკვალიფიკაცია,“ - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

აუდიოჩანაწერს ზურაბ დათუნაშვილიც გამოეხმაურა. ევროპის ჩემპიონი აცხადებს, რომ მას ჰქონდა განათლებისა და სპორტის სამინისტროს იმედი, თუმცა მოსმენილით გაოგნებული დარჩა.  

„მე ამ ხალხისგან ველოდი დახმარებას და ზუსტად ეს ხალხი ცდილობს ჩემს დისკვალიფიკაციას. ძალადობას ახალისებენ ამით. ვერ ვხვდები, რატომ აკეთებენ ასეთ რაღაცას,“ - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა. 

დღის ამბები