03 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
მეოთხე პრეზიდენტი დუმილის უფლებას იყენებს - მარგველაშვილს არ სურს, განმარტოს, რატომ არ შეიწყალა პატიმრობაში მყოფი მღვდელი

მეოთხე პრეზიდენტი დუმილის უფლებას იყენებს. გიორგი მარგველაშვილს არ სურს, განმარტოს, რატომ არ შეიწყალა პატიმრობაში მყოფი მღვდელი.

მამა გიორგი მამალაძის თემა გიორგი მარგველაშვილს უხერხულობას უქმნის. თუ დაადასტურებს, რომ პატრიარქი თანახმა იყო და მღვდლის ციხიდან ვადაზე ადრე გაშვება მან დაბლოკა, მაშინ კრიტიკის მთავრი ობიექტი გახდება. თუ იტყვის, რომ შეწყალება ილია მეორეს ბუნდოვანმა პოზიციამ გადააფიქრებინა, მაშინ მეოთხე პრეზიდეტმა დარტყმის წინაშე საპატრიარქო უნდა დააყენოს.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები მთელს პასუხისმგებლობას გიორგი მარგველაშვილის აკისრებენ და ამბობენ, რომ ადვოკატების ორივე წერილი პატიმარი მღვდლის შეწყალებაზე პრეზიდენტმა თავად დაბლოკა. ადვოკატებს ეჭვი აქვთ, რომ პრეზიდენტის პოზიციაზე გავლენა პატრიარქის სამდივნომ მოახდინა.

კურიერის ინფორმაციით, შეწყალების აქტის გაუქმებაზე გავლენა პატრიარქთან მისმა ბოლო ვიზიტმა მოახდინა. მაშინ ილია მეორეს დეკანოზ მამალაძის შეწყალების სურვილი არ გამოუთქვამს, პრეზიდენტი პატრიარქის ნების წინააღმდეგ აღარ წავიდა და თემა საერთოდ დაიბლოკა.

ვიდრე მამა გორგი მამალაძის შეწყალების საკითხი დიდი ბუნდოვანებით არის მოცული, თავად პატიმარი მღვდელი ჯანმრთელობის მძიმე პრობლემით კლინიკაშია გადაყვანილი. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

რადიკალურად განსხვავებულია თავად ღუდუშაურის კლინიკის პოზიცია. კონსილიუმის შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ პატიმარი სასულიერო პირის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მედიკოსებმა მთლიანად გამორიცხეს ინსულტი.

დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სპეციალური საინიციატივო ჯგუფი პატრიარქს პრეზიდენტთან შუამდგომლობაზე ისევ სთხოვენ. ამ ეტაპზე საპატრიარქო კომენტარს არ აკეთებს, დათანხმდება თუ არა პატიმარი მღვდლის შეწყალებას.

დღეს ილია მეორეს გარეშე საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სინოდის 15-მდე წევრი ესწრებოდა, თუმცა, უცნობია, ისაუბრეს თუ არა გიორგი მამალაძის საქმეზეც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები