03 მაისი 2024,   17:42
ვრცლად
„არასდროს შეკერო ულამაზო კაბა, რადგან შეიძლება, ვინმემ იყიდოს“ - კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

„არასდროს შეკერო ულამაზო კაბა, რადგან შეიძლება, ვინმემ იყიდოს,“ - ამ დევიზით დაიწყო და დაასრულა მოდის სფეროში მოღვაწეობა ყველა დროის ერთ-ერთმა გავლენიანმა დიზაინერმა, კარლ ლაგერფელდმა.

მოდელიორი 85 წლის ასაკში პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა.

პარიზის საახალწლო განათებების ჩართვის ცერემონიის შემდეგ ის საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. 22 იანვარს შანელის ახალი კოლექციის ჩვენებამაც პარიზში მის გარეშე ჩაიარა.

ლაგერფელდი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დაიბადა. 20 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. უკვე არჩეული ჰქონდა მომავალი პროფესიაც. 1954 წელს, ივ სენ ლორანთან ერთად, ლაგერფილდმა დიზაინერთა კონკურსში გაიმარჯვა და ცნობილი მოდელიორის პიერ ბალმენის თანაშემწე გახდა.

მისი სახელი, ძირითადად, შანელის მოდის სახლს უკავშირდება. სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის დაწყებისთანავე ლაგერფელდმა შანელს ახალი სიცოცხლე შემატა და ბრენდი ყველა თაობისთვის მისაღები გახადა.

საკუთარი თავი კარლ ლაგერფელდმა მოდის სამყაროში განსხვავებული იმიჯით დაიმკვიდრა. ის არავის უნახავს შავი სათვალის, მუქი კოსტუმისა და ხელთათმანის გარეშე. თავად ქმნიდა ესკიზებს სამოსისთვის და ჩვენებებისთვის ორიგინალურ სივრცეს არჩევდა.

მოდის გარდა, კარლ ლაგერფელდს იცნობდნენ, როგორც ერუდირებულს, ლიტერატურის მოყვარულ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ეცნობოდა მსოფლიოს წამყვან გაზეთებს.

„მოდის სამყარო მეფის გარეშე დარჩა“ - ასე აფასებენ დიზაინერის გარდაცვალებას მისი მეგობრები. ბევრს მოდელიორობისკენ სწორედ ლაგერფელდმა უბიძგა. მათ შორის ერთ-ერთი ვიქტორია ბექჰემია.

კარლ ლაგერფელდი ყოველთვის ახალი სახეების და მუზების ძიებაში იყო. დიზაინერის ბოლო რჩეული სინდი კროუფორდის ქალიშვილი, კაია გერბერი, გახდა.

სავარაუდოდ, ლეგენდარულ დიზაინერს დედის გვერდით დაკრძალავენ. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში, ლაგერფელდმა აღიარა, რომ დაკრძალვის ცერემონიები არ მოსწონდა და სურდა, გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლი დედის საფლავზე მიმოეფანტათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები