26 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
"ეს კენჭისყრა იქნება ალბათ კულმინაცია," - ბესელია საკუთარი ინიციატივის მხარაჭერას ელის

დღევანდელ სესიაზე გაირკვევა დაუჭერენ თუ არა მხარს ეკა ბესელიას და უმრავლესობის კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ არჩევის პროცესის გადავადების შესახებ. კენჭისყრის შემდეგ მიიღებს თავად ბესელია გადაწყვეტილებას უმრავლესობაში დარჩენის თუ დატოვების თაობაზე. უკვე ცნობილია, რომ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს უმრავლესობა და ეს გუშინ გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგაც დადასტურდა.

"ჩანს მე მგონი ძალიან კარგად, რომ იუსტიციის საბჭოს უმრავლესობას ჰყავს თავის ლობისტები პარლამენტში და ისინი არ მალავენ ამ პოზიციას. მე იმედი მაქვს რომ უმრავლესობის შიგნით მოიძებნებიან დეპუტატები, რომლებიც თავის გადაწყვეტილებას და თავიანთ პოზიციას დააფუძნებენ იმ საზოგადოებრივ და სამართლებრივ ნებას, რომელიც აუცილებელია რომ იყოს მხარდაჭერილი. ეს კენჭისყრა იქნება ალბათ კულმინაცია და ჩემი გადაწყვეტილებაც ალბათ დაეფუძნება ამ კენჭისყრის შედეგებს,"-აცხადებს ეკა ბესელია.

ბესელიასთან დაპირისპირებული უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ კანონპროექტი არაერთ საერთაშორისო ნორმას არღვევს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ბესელიას წინადადება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ევროპულ კონვენციასთან და ვენეციის კომისიის დასკვნასთან.

"ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ კანონპროექტს და უმრავლესობის განწყობა იქნება ის, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერს პროცესის გადადებას. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მოსამართლეების საკითხი თავიდანვე იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული.

"მაინცდამაინც არ გვაღელვებს, ქართული ოცნება ისედაც არის მორალურად ჩამოშლილი და რაოდენობრივად თუ ჩამოიშლება დროის საკითხია"-აცხადებს რომან გოცირიძე. 

"ევროპულ საქართველოს" კი მიაჩნია, რომ გადადებაზე მნიშვნელოვანია დროულად მოგვარდეს სისტემაში არსებული პრობლემები. უმცირესობა პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს სთავაზობს, რომლის თანახმადაც ჩინჩალაძის ჯგუფს უნდა ჩამოერთვას კანდიდატების წარმოდგენის ექსკლუზიური უფლება.

"მე არ ვთვლი რომ ეს დაპირისპირება იდეოლოგიური ან ღირებულებითი ბაზისიდან მომდინარეობს,"-აცზადებს ოთო კახიზე.

დღის ამბები