26 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
"ივანიშვილს სურს "თიბისის" და ანაკლიის პორტის გაკონტროლება" - ფადი ასლი ხაზარაძესა და ჯაფარიძეს თანადგომას უცხადებს

ბიძინა ივანიშვილის პირადი გეგმა - TBC ბანკისა და ანაკლიის პორტის გაკონოტროლების სურვილი - საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიზნესინტერესებს უკავშირებს. ფადი ასლი ამბობს, რომ ეს არის ცუდი განზრახვა და ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნება.

ის მხარდაჭერას უცხადებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს და მზად არის, იბრძოლოს დანაშაულებრივი გეგმის წინააღმდეგ.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გეგმა. მას სურს "თიბისის" და ანაკლიის პორტის გაკონტროლებაც. ეს არის ძალიან საშიში რამ ქვეყნისთვის, რადგან აბრუნებს 90-იან წლებში. ამით ის აგზავნის ცუდ სიგნალს საზღვარგარეთ. ჩვენ ვიბრძოლებთ მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად დანაშაულებრივი გეგმის შესაჩერებლად და ქვეყნის სწორ გზაზე დასარჩენად. ძალიან გაბრაზებული ვართ ეროვნულ ბანკზე. მისი მმართველისთვის სამარცხვინოა, რომ თავი დაუხარა ზეწოლას და შეასრულა ივანიშვილის პირადი გეგმა. ბიზნეს საზოგადოებისთვის დღეს საშიში ატმოსფეროა ისევე, როგორც იყო სააკაშვილის და შევარდნაძის მმართველობის დროს. არაფერი შეცვლილა. 

ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან ბიზნესმენებთან გააკეთა 2012 წელს, რომ ზეწოლას არ უნდა დაემორჩილონ, ტყუილი აღმოჩნდა. ის ზუსტად იმას აკეთებს, რასაც აკეთებდნენ მისი წინამორბედები. მას სურს, ხელში ჩაიგდოს ყველა დიდი ბიზნესი საქართველოში თავის სატელიტებთან ერთად, მაგრამ უნდა გააცნობიეროს, რომ მარადიული არაფერია და ყველაფერს აქვს დასასრული,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.

 ამ წუთებში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას მართავს, რომელსაც ბიზნეს ორგანიზაციები და დიპლომატები ესწრებიან. შეხვედრის მთავარი თემა სწორედ TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებია.

დღის ამბები