26 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
"დაკავების სანქცია გაცემულია" - ზვიად კუპრავას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზვიად კუპრავა ავრცელებს.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

ინფორმაცია კუპრავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ დაპატიმრებას გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" შტაბში ელის.

საქმე ეხება ე.წ. სასადილოს ინციდენტს, როდესაც სასამართლოში ზვიად კუპრავას ადმინისტრაციული სახდელის განხილვის დროს, სასადილოში მას ინციდენტი მოუვიდა სამართალდამცავებთან.

აღნიშნულ საქმეზე ჰქონდა მას გირაო შეფარდებული და დღეს პროკურატურამ გირაოს შეცვლის შუამდგომლობა დაყენა, რადგან აღნიშნულ პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენა მოხდა.

ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ეს არის შურისძიება და სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

„ჩემი დაკავების სანქცია, რომელიც არის გაცემული, არის აბსოლუტურად უკანონო, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ გააჩნია სამართალთან, კანონთან. ეს არის პირადად შურისძიება გახარიას და ივანიშვილის, ჩემ მიერ აქამდე მათი მამხილებელი დოკუმენტებისა, რომელიც გამომიტანია, მათთვის შექმნილი პრობლემებისა, იმ უნიათობისა და ა.შ. იმ არასწორი პოლიტიკისა, რომელსაც ქვეყანაში ატარებენ. მათ უბრალოდ ამოუვიდათ ყელში ჩემი ასეთი პარპაში, მათ ჰგონიათ ასე და თვლიან, ამოუვიდათ ეს ყელში და, ბოლოს და ბოლს, გადაწყვიტეს, რომ რა გახდა, დავაკაოთ. დამაკავეთ ბატონებო, აქ ვართ, თქვენ თუ გგონიათ, რომ ციხეში დაგასვენებთ, ძალიან შემცდარხართ, ვერც იქ დაისვენებთ და ვერც ვერსად ვერ დაისვენებთ,“ - განაცხადა კუპრავამ.

 

ადვოკატების თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან სამართლებრივი საფუძველი არცერთ საქმეს არ აქვს.

პროკურორი კი ამბობს, რომ შუამდგომლობა სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარეობდა.  

 

დღის ამბები