26 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
როგორც პირველად მამა გიორგი მოიტაცეს აეროპორტიდან, ისე მოიტაცეს დღეს საავადმყოფოდან - მიხეილ რამიშვილი

„როგორც პირველად მამა გიორგი მოიტაცეს აეროპორტიდან, ისე მოიტაცეს დღეს საავადმყოფოდან,“ - ეს განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.

დეკანოზის ინტერესების დამცველის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოთხოვნით გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში.

ადვოკატები და დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრები ციხის საავადმყოფოში გადაყვანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მამა გოირგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ეს ყველაფერი მოხდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ისე, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მობრძანებული ექიმი, რომელიც ძალიან მონდომებით ითხოვდა, რომ ეს პროცედურა დაჩქარებულიყო და მამა გიორგი გადაეყვანათ მე-18 დაწესებულებაში. ამ ზეწოლის ფონზე, მე ერთადერთი შემიძლია, რომ ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი აღმოეფხვრა, თვით მისი პირადი ექიმი ამ ზეწოლის პერიოდში ცუდად გახდა. არანაირი პირობები არ არსებობდა მისი აქედან წაყვანის. ადამიანი წაიყვანეს სასაკლაოზე,“ - განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ რამიშვილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორედ კიდევ ერთხელ მიმართავს და პრეზიდენტთან დეკანოზის შეწყალებისთვის შუამდგომლობას სთხოვს.

„მივმართავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას, ილია მეორეს. თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ხელთაა, დღევანდელ სიტუაციაში ადამიანის ბედი. მე პირადად, პასუხისმგებელი ვარ ჩემი სიტყვების და თქვენ თუ უშუამდგომლებთ დეკანოზს და ის მას შეიწყალებს, თქვენ თვითონ როცა მოუსმენთ მას, დარწმუნდებით, თუ რამდენად უდანაშაულოა მამა გიორგი,“ - ამბობს რამიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები