04 მაისი 2024,   03:08
ვრცლად
ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციას ქმნის

ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციას შექმნის - ამის შესახებ განცხადება, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა გააკეთა.

ბესელიას განცხადებით, პოტენციურ მოკავშირეებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებს და ამბობს, რომ შემოიკრებს იმ ადამიანებს, ვისთანაც ღირებულებითი ერთობა აქვს. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ახალი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 6 წევრი სჭირდება. 

„მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის "სოციალ-დემოკრატებთანაც", თემატურად. მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს,“ - ამბობს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმცირესობა მას შემდეგ დაიშლება, რაც უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი გამოაკლდება.

„უმცირესობა დაიშლება ერთი დეპუტატი როგორც კი გამოვა უმრავლესობიდან, ის შექმნილ უმცირესობას ავტომატურად დაშლის, იმიტომ, რომ რაოდენობრივად იქნება თანაბარი უმცირესობაში მყოფი დეპუტატები და უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები. ასე, რომ ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება არ ვიცით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მმართველ გუნდში არსებული განხეთქილების გამო საპარლამენტო უმრავლესობა 4-მა დეპუტატმა უკვე დატოვა - ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. წასვლას აანონსებენ ასევე გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ისინი წასვლის მიზეზად სხვადასხვა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ.

დაპირისპირების მიზეზი გახდა ასევე ბესელიას ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადებას მოითხოვდა. ბექა ნაცვლიშვილმა კი უმრავლესობა საპენსიო რეფორმის ჩავარდნის გამო პარასკევს დატოვა.

დღის ამბები