26 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
სკანდალური წერილი და 3 შესასრულებელი პირობა - ხაზარაძისთვის მიწერილი მუქარის გზავნილი გასაჯაროვდა

მამუკა ხაზარაძისთვის სავარაუდოდ, გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი მუქარის წერილის ასლი პროკურატურამ გაასაჯაროვა. გზავნილი მუქარით იწყება. მისი შემდგენი მამუკა ხაზარაძეს აფრთხილებს, რომ გაშიფრული ჰყავს, იცის, რომ ებრძვის და ამას არა მხოლოდ ფინანსურად აკეთებს.

ბრძოლაში წერილის ავტორი, სავარაუდოდ, იმ ჩანაწერს გულისხმობს, რომლის შესახებაც „კურიერი“ რამდენიმე კვირის წინ საუბრობდა. სანდო წყაროსგან მიღებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა ბიძინა ივანიშვილს მამუკა ხაზარაძისა და გიორგი კვირიკაშვილის საუბარის მოასმენინეს, სადაც ხაზარაძე ივანიშვილს ოლიგარქად იხსენიებს და ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში ხელისუფლებას ბიზნესი მართავს და არა ოლიგარქია.

ამის შემდეგ სკანდალურ წერილში უკვე პუნქტებადაა გაწერილი ის მოთხოვნები, რომლის შესრულებასაც მამუკა ხაზარაძეს უპირობოდ სთხოვენ. პირველი პუნქტი მედიას ეხება. სკანდალურ წერილში ხაზარაძეს აიძულებენ, გავლენა მოახდინოს მისი ძველი ბიზნესპარტნიორის ოჯახის ბიზნესზე. კერძოდ წერილის ავტორები ელოდებიან, რომ დოკუმენტის მიღებიდან 5 დღეში „ტვ პირველი“ ტელეკომპანია „იმედის“ ტრენდზე გადაიყვანოს, არხი გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე და შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა.

იმის გასაგებად თუ რას ნიშნავს „ტელეიმედის“ ტრენდი, ქრონოლოგიის მოხმობაა საჭირო. ტელეკომპანია „იმედმა“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან 2 დღეში მაუწყებლობის ბადე შეცვალა. 30 ოქტომბერს საღამოს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ არხი მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. „იმედმა“ მაშინ ღიად თქვა, რომ იმ წუთიდან ისინი იმუშავებდნენ მხოლოდ იმისთვის. რომ არ დაბრუნებულიყო რეჟიმი. სავარაუდოდ, ხაზარაძისთვის გაგზავნილი წერილის პირველი პუნქტით მისი ავტორები „ტვ პირველისგანაციგივეს მოითხოვდნენ.

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული სკანდალური წერილი ტელეკომპანია პირველმა ზეწოლად აღიქვა და დამოუკიდებელი მედიის გაკონტროლების სურვილად შეაფასა.

მუქარის წერილით მისი ავტორები ობიექტურობის მაღალ ხარისხს "არტარეასგანაც“ ითხოვდნენ. „თიბისი ჯგუფის“ ერთ-ერთი პროექტი პოლიტიკური მაუწყებელი არაა, თუმცა, სავარაუდოდ, გზავნილის ავტორებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების საჯარო ლექციები არ მოსწონდათ, რომელიც ამ არხით გადაიცემა.

სკანდალური წერილის მეორე პუნქტის მიხედვით, ბიზნესმენ ხაზარაძეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და ყოფილ ხელისუფლებაზე კრიტიკული განცხადების გაკეთებას სთხოვენ. ამ პუნქტში მამუკა ხაზარაძე ინიციალებითაა მოხსენიებული.

მოთხოვნილი სამიდან ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ უპირობოდ შეასრულა. 2 ნოემბერს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და ყოფილი ხელისუფლება რევანშიზმში დაადანაშაულა. ამ

ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ საპასუხო განცხადება ხაზარაძემ წერილის მიღებიდან მეორე დღეს გაავრცელა, ანუ გამოდის, რომ, სავარაუდოდ, გახარიას მუქარა ხაზარაძემ გასული წლის პირველ ნოემბერს მიიღო.

ზვიად კორძაძე ამბობს რომ წერილის ნამდვილობის დადასტურება პროკურატურას მარტივად შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო გამოეკითხათ ის ადამიანები, ვისაც მამუკა ხაზარაძემ წერილის შესახებ უთხრა, ვინც ბიზნესმენს საპასუხო წერილის დაწერაში დაეხმარა და ვის გვარებსაც საგამოძიებო უწყება ითხოვდა.

ამ ეტაპზე პროკურატურას შუამავლის გარდა ყველა გვარი აქვს, თუმცა წერილის ნამდვილობის მაინც არ სჯერა.

სკანდალური წერილი ლონდონში ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. გზავნილის დედანს ბრიტანელი ექსპერტები უკვე სწავლობენ. ლონდონის საექსპერტო კრიმინალისტიკურ ბიურომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა წერილზე ვინმეს თითის ან სხვა სახის ანაბეჭდი. ხაზარაძეს აქვს მოლოდინი, რომ გზავნილზე გიორგი გახარიას ანაბეჭდი შეიძლება იყოს.

თავად შინაგან საქმეთა მინისტრი სურვილის შემთხვევაში მზადაა, გამომძიებლების შეკითხვებს უპასუხოს. თუმცა ხაზარაძის განცხადებები გიორგი გახარიასთვის ჭორაობაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები