26 აპრილი 2024,   19:45
ვრცლად
"სითი ინსტიტუტში" ადასტურებენ, რომ ბოტანიკური ბაღის ნაწილისთვის სატატუსის შეცვლის მცდელობაზე, "კურიერიდან" შეიტყვეს

საკრებულო თბილისის გენგეგმის დასამტკიცებლად ემზადება - სხდომის დაწყებამდე ვიცე-მერმა განაცხადა, რომ პროექტში ხარვეზი არსებობდა, რომელიც გამოსწორდება.

საუბარია, 14 ათასზე მეტ კვადრატული მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბოტანიკური ბაღის კუთვნილებაა, თუმცა მას გენგეგმის მიხედვით ზონალური სტატუსი ეცვლებოდა.

ტერიტორია ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ეზოს მომიჯნავედ მდებარეობს, სწორედ ამიტომ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ პროექტში ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა და ზონალური სტატუსი ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო შეიცვალა.  ტექნიკურ ხარვეზებზე საუბარი კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც "კურიერმა" ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა.

ვიცე-მერი მაია ბითაძე ამბობს, რომ პროექტში არსებული ცდომილება შესწორდება და ამის შესახებ ინფორმაცია „სითი ინსტიტუტსაც“ მიაწოდეს. 

„ცდომილება არის ბოტანიკური ბაღის ერთ ნაწილთან მიმართებით, რომელსაც რეკრეაციული ზონა 1-ის ნაცვლად, რეკრეაციული ზონა 2 ადევს. ეს არის კონტურის ცდომილება, რაზეც "სითი ინსტიტუტი" დამემოწმება, რის გასწორებაზეც დღეს მხარდაჭერას გთხოვთ,“-აცხადებს მაია ბითაძე.

საკრებულოში კომისიის სხდომას ოპოზიცია არ დასწრებია, საკრებულოს უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიცია ღია კარს ამტვრევს და მათ სიმართლის მოსმენა არ სურთ.

„იმიტომ არ ესწრებიან სხდომას, რომ  ამ სამუშაო რეჟიმში არ მიიღონ მონაწილეობა და არ გაიგონ ის, რაც დღეს ითქვა და რამოდენიმე თემა იქნა ჩამოთვლილი,რომელიც დღეს გასწორდება კომისიის სხდომის შემდგომ  და სავარაუდოდ, საკრებულოს ძირითად სხდომაზე ისინი ისევ დაიწყებენ ღია კარის მტვრევას,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძე.

დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები უარყოფენ, რომ გენგეგმაში ცვლილებები „კურიერის“ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ შეიტანეს, თუმცა "სითი ინსტიტუტის" ექსპერტი, მერაბ ბოლქვაძე ადასტურებს, რომ მას მერიიდან გუშინ, "რუსთავი 2"-ის ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ დაუკავშირდნენ.

​"ძალიან კარგია, რომ ასეთი სწრაფი რეაგირება მოხდა. გუშინ შემატყობინეს ეს ყველაფერი. ტელევიზიით გავიგე. მე ჯერ "კურიერს" არ ვუყურებდი დამირეკეს, მერე ვუყურე როგორც ჩანს ყველამ ნახა ეს მასალები. ვერ ავხსნი რატომ ივანიშვილის მოსაზღვრედ, ერთადერთ იმას გეუბნებით, რომ ძალიან კარგია რომ გასწორდა და ის უკვე აღნიშნული იქნება, როგორც რეკრეაციული ზონა ერთიო"-ამბობს მერაბ ბოლქვაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები