26 აპრილი 2024,   20:59
ვრცლად
"ოკუპანტთან ჩახუტებული ეს ხალხი მოტრიალდება და ჩვენზე იტყვის, რომ ვართ ანტისახელმწიფოებრივი ძალა?“ - ჯაფარიძე საპატრიარქოზე საუბრობს

საპატრიარქოს განცხადებას პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ თავმჯდომარე პასუხობს. ზურაბ ჯაფარიძე, საპატრიარქოს კონტრბრალდებებს უყენებს. მისი მტკიცებით, ამ განცხადებამ დაადასტურა, რომ ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის უკან, რომელიც სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებას მხოლოდ მართმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურებს ან სასულიერო სემინარიის სტუდენტებს უტოვებს, საპატრიარქო დგას.

საპატრიარქომ გუშინ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებას, თუმცა აქვე აცხადებს, რომ “უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ.”

ჯაფარიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს განცხადება სასაცილოა და უფრო სასაცილოა, როცა ოკუპანტთან „ჩახუტებული სასულიერო პირები“ გირჩის წევრების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ.  

„ინსტიტუტი, რომელიც ყველ წელს ჭამს ხალხის ფულს 25 მილიონი ლარის ოდენობით, ვითომც არაფერი და იღებს სახელმწიფოსგან უძრავ ქონებას მიწებისა და ფართის სახით და ყიდის ყველაფერს დაწყებული ჯვრით და დამთავრებული არყით - ეს ხალხი და ინსტიტუტი რომ ვიღაცის მერკანტილურ ინტერესებზე საუბრობს უბრალოდ სასაცილოა. ოკუპანტთან ჩახუტებულები არიან, მათ შორის სასულიერო განათლება, თუ ვინმეს რამე განათლება აქვს, მიღებული აქვთ მოსკოვში და ეს ხალხი მოტრიალდება და ჩვენზე იტყვის, რომ ჩვენ ვართ ანტისახელმწიფოებრივი ძალა?“- განაცხადა ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები