26 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
კვარაცხელიას გარდაცვალება საეჭვო გარემოებაში, სასამართლო სისტემა, არჩევნები... - "კურიერმა" იმ დოკუმენტის პროექტი მოიპოვა, რომელიც სტრასბურგში უნდა მიიღონ

„კურიერმა“ იმ დოკუმენტის პროექტი მოიპოვა, რომელიც სტრასბურგმა მარტის ბოლოს უნდა მიიღოს.

პროექტში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი მოხვდა.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა 27-28 მარტს გაიმართება. ამ შეხვედრის შემდეგ მიიღებენ ქართველი და ევროპელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციას.

დოკუმენტის პროექტი 41 პუნქტისგან შედგება, ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული პრობლემები. მასში ასევე საუბარია საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეუთო-ს საბოლოო დასკვნაზე და ასევე სასამართლო სისტემაზე.

„ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების შემთხვევების, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ძალადობრივი ინციდენტების და სამოქალაქო საზოგადოებაზე სიტყვიერი შეტევების გამო. კომიტეტი აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებას განახორციელოს ეუთო-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები და გადახედოს შესაბამის კანონმდებლობას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად მომავალი არჩევნების გაუმჯობესების მიზნით.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების გამჭვირვალობა, მთლიანობა და ეფექტურობა გადამწყვეტია. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს ჩატარებული რეფორმები, ასევე დაასრულოს და განახორციელოს სასამართლოს რეფორმის მე-4 ტალღა. მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მიმდინარე პროცესი ჩატარდეს მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების დაცვისა და კონკურენტუნარიანი პროცესის საფუძველზე.

"შეგახსენებთ, რომ მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია და რომ ძლიერი და პლურალისტური მედია გარემო, აზრთა მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს,”-ნათქვამია დოკუმენტში.

„კურიერის“ ინფორმაციით, 27-28 მარტს სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება სასამართლო და დემოკრატიული რეფორმები და ადამიანის უფლებები საქართველოში. ამავე საკითხზე დაგეგმილია შს მინისტრის მოადგილის მოხსენებაც.

მეორე მნიშვნელოვანი თემა საქართველოს უვიზო რეჟიმი და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება იქნება, სადაც მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.

დღის ამბები