04 მაისი 2024,   10:05
ვრცლად
„დიდი ჩავარდნა გვაქვს" - დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სოციალურ მუშაკებს ხელფასი უნდა გაეზარდოთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის სოციალური მუშაკების საკითხზე მსჯელობდნენ. შეხვედრა, რომელსაც სოცმუშაკები და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ, 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სოციალურ მუშაკთა ხელფასები უნდა გაიზარდოს.

კანონმდებლები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს სთხოვდნენ, რომ განემარტა მათთვის, კონკრეტულად რა დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ სოციალური მუშაკებისთვის ხელფასი გაიზარდოს. დეპუტატები მინისტრის მოადგილეს დაჰპირდნენ, რომ თანხის მოძიებაში დაეხმარებოდნენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერ სახელფასო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. ამ განცხადებას დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

„დიდი ჩავარდნა გვაქვს. პლუს, როდესაც სხვა პროფესიის ადამიანებს ვასაქმებთ, შეფერეხებაა. შანტაჟის განცდა იყო. ადამიანები მე-5 დღეა, დგანან კანცელარიასთან, პრობლემაზე ლაპარაკობენ და ჯანდაცვის სამინისტროდან პასუხი გვაქვს, რომ უფლებამოსილებას შეგიჩერებთ. გამოვიდეს პრემიერი, გადავხედოთ ბიუჯეტს და გადავანაწილოთ. ძალიან გთხოვთ, ეს კომიტეტიც ნუ იქნება, რომ გამოსვლას დავასრულებთ, მოვალეობას მოვიხდით, წავალთ და ისევ მარტო დარჩებიან,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ, რაზეც სოფო კილაძემ მიმართა, რომ  საყვედურს ვერ მიიღებს, რასაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა.

„მოდით ყველა გამოსვლა დაიწყეთ, ხალხო, ქალბატონი სოფოს ქებით,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის წევრები მთავრობის, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობასა და ბრალეულობაზე საუბრობენ.

„სოციალური სფეროს ის ნაწილი, რომელსაც ობიექტურად აკრიტიკებენ, არის ყველაზე მიტოვებული მთავრობის მიერ. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა პასუხისმგებელია, დამნაშავეა,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ თანხის პრობლემა კი არა, რეალუარად მიდგომისა და კომუნიკაციის პრობლემა დგას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სოციალური სააგენტო შესაბამის მოთხოვნებს და რეფორმებს ჩამორჩება.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ჩამორჩენა გვაქვს. სოციალური სააგენტო რეფორმებით ჩამორჩება და ვერ ეწევა მოთხოვნებს,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები