04 მაისი 2024,   11:47
ვრცლად
ევროპარლამენტარების მხრიდან გამოხატულ მკაცრ გაფრთხილებას პრემიერი ბახტაძე ეხმაურება

ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ გამოხატულ მკაცრ გაფრთხილებას  პრემიერი მამუკა ბახტაძე ეხმაურება. ევროპელი პოლიტიკოსები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის მიმართავენ და სთხოვენ, აიძულოს "ქართული ოცნების" ხელისუფლება, დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

წერილში ასევე წერია, რომ 1991 წლის შემდეგ საქართველოში ყველაზე ცუდი არჩევნები 2018 წელს ჩატარდა. დოკუმენტში საუბარია საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე.

აღნიშნულ კრიტიკასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ წერილი ძირითადად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას დაეყრდნო. პრემიერის შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება.

„წერილის შინაარსის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, ეყრდნობოდა ეუთო-ს დასკვნას. ამასთან ერთად, მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ასოცირების მიმდინარეობს შესახებ ანგარიში ევროპარლამენტში დამტკიცდა და დამტკიცდა წარმატებით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. ჩვენ გვესმის, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელიც გვაქვს დასაკორექტირებელი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა წერილში ხაზგასმულ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. მამუკა ბახტაძის თქმით, ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე აუცილებლად გადავა.

ბახტაძემ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას ოპონენტები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 2016 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი სწორედ ოპოზიციამ არ დაუჭირა.

„რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ამაზე პასუხი გაეცა თუ სწორად მახსოვს ეს იყო 2016 წელი, როდესაც ეს ინიციატივა, იდეა იდგა და მინდა, საზოგადოებას კიდევ ეთხელ ვუთხრა, ისევე, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ სწორედ "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ეს იდეა მიიყვანა კონკრეტულ შედეგებამდე, რომ საქართველო აუცილებლად გადავა პროპორციული არჩევნების სისტემაზე. 2016 წელს ეს საკითხი იდგა და სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა მხარი მას არ დაუჭირეს,“ - განაცხადა პრემიერმა.

წერილში, რომელსაც ხელს ევროპარლამენტის ყველა წამყვანი პოლიტიკური ჯგუფის წევრები აწერენ, უმძიმესი პოლიტიკური შეფასებებია. ევროპელი პოლიტიკოსები წერენ, რომ 1991 წლის შემდეგ საქართველოში ყველაზე ცუდი არჩევნები 2018 წელს ჩატარდა.

ეს არ არის ბრიუსელში დაწერილი ერთადერთი წერილი - ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთი მკაცრი გზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნეს. 11 ევროპელი პოლიტიკოსი მამუკა ბახტაძისგან უმკაცრესად მოითხოვს ია კერზაიას საქმის გამოძიებას. ბრიუსელში დარწმუნებული არიან, რომ ზუგდიდის სკოლის დირექტორი სწორედ პოლიტიკურ ზეწოლას შეეწირა.

დღის ამბები