04 მაისი 2024,   18:43
ვრცლად
მას არ ჰქონდა სამხედრო სამსახურის დატოვების უფლება, ესაა ნატო-ს სტანდარტი - ლევან იზორია სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძეზე საუბრობს

თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ის სამხედრო მფრინავის, ეკატერინე ქვლივიძის ცოდნასა და განათლებას აფასებს, თუმცა კანონის უზენაესობა უნდა იქნას დაცული.

მინისტრი ამბობს, რომ ქვლივიძემ კონტრაქტი დაარღვია და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, მას დიდი ფულადი სანქცია დაეკისრა.

ლევან იზორია ამბობს, რომ ეკატერინე ქვლივიძეს არ ჰქონდა უფლება უმიზეზოდ დაეტოვებინა სამხედრო სამსახური.

„ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გამოყო 51 ათასი ამერიკული დოლარი, იმისთვის, რომ მას მიეღო აშშ-ში განათლება, ამას წინ უძღოდა ეროვნული ბიუჯეტიდან ათიათასობით თანხების გამოყოფა, რაც ასევე მის პროფესიულ განვითარებას მოხმარდა. როდესაც საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას, რომელიც დიდ ფინანსებთანა რის დაკავშირებული, და ხანგრძლივ პერიოდთან, საუბარია, 6 თვეზე მეტ პერიოდზე, ეს აჩენს გარკვეულ ვალდებულებებს კონტრაქტში, რაც ნატო-ს სტანდარტია.  კერძოდ, მას არ აქვს უფლება დატოვოს სამხედრო ძალები უმიზეზოდ, რვა წლის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში არის მაღალი სანქციები,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

თავად ეკატერინე ქვლივიძე კი ამბობს, რომ მას დისკრიმინაციული ნიშნით საქმიანობის უფლება სამინისტროს გადაწყვეტილებით შეეზღუდა. ქვლივიძემ უწყების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ეკატერინე ქვლივიძე დღეს პარლამენტში მინისტრის მოსასმენად მივიდა, თუმცა სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა.

ირაკლი კობახიძეს ეკატერინე ქველიძის დარბაზში დაშვების შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა. კობახიძემ გადაწყვეტილება, არ დაეშვა ქვლივიძე დარბაზში, რისკების თავიდან აცილებით ახსნა.

დღის ამბები