01 მაისი 2024,   23:25
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი - მრჩეველთა საბჭოს წევრებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი - მრჩეველთა საბჭოს წევრებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. მრჩეველთა საბჭოს ხუთიდან ორი წევრი, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს. მათ 15 გვერდიანი წერილი გაავრცელეს, სადაც განმარტეს, თუ რატომ აყენებენ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს.

ერთ-ერთ მიზეზად ისინი რეიტინგს ასახელებენ. ისინი ასევე საუბრობენ აჭარის ტელევიზიის დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე. 

„აქამდე თუ აჭარაში ასლან აბაშიძე იყო გარეთ, ახლა გვაქვს ტელევიზიაში. ჩვეულებრივი რეჟიმია დამყარებული, რომელსაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ დირექტორი უკრძალავს თანამშრომლებს მრჩეველთა საბჭოს წევრებთან კომუნიკაციას. რაც არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური სტანდარტი. ახლა უკვე ჩიხურ ვითარებაშია შესული მრჩეველთა საბჭოს და დირექტორს შორის ურთიერთობა. აქამდეც მიდის საქმე, რომ დირექტორი მრჩეველთა საბჭოს არაფრად აგდებს. სხდომებიდან მიდის ისე, რომ არ ემორჩილება მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თხოვნას და მოთხოვნას, რომ დაესწროს და მოისმინოს საკითხები,“ - განაცხადა საბჭოს წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა.

იმისთვის, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი დადგეს, საბჭოს კიდევ ერთი წევრის ხმა არის საჭირო. მათი თქმით, ისინი პოლიტიკური დაკვეთით გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

„სინდისის კარნახით გადავწყვეტთ ჩვენს დამოკიდებულებას. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკური დაკვეთით. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვტილება სინდისის კარნახით და იმ გამოცდილებით, რომელიც აქ მუშაობით დაგვიგროვდა,“ - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ნატა იმედაშვილმა.

საბჭოს წევრების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის ცვილების მცდელობას უკავშირდებოდეს.

„არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ჩხარტიშვილი ახლახან შემოსულია, ზუსტადაც უმრავლესობის კვოტით არის შემოსული... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ტელევიზია არ არის სახელისფლებო ტელევიზია, ამდენად მე მათ მხარს არ დავუჭერ,“ - აღნიშნა მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ბეჟან გობაძემ.

ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებას ტელევიზიაზე გავლენის მოპოვება უნდა და შტურმი დაიწყო. მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ვინც აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი მოითხოვა, საბჭოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. პარტიაში ამბობენ, რომ არ იზიარებენ მათი წარდგენილი წევრის პოზიციას და მზად არიან, მისი მრჩეველთა საბჭოდან გამოწვევის პროცედურა დაიწყონ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები