01 მაისი 2024,   20:34
ვრცლად
დაპირისპირება ზუგდიდში - დაკავებული მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სარეზოლუციო ნაწილი 19 აპრილს გამოქვეყნდება.

მანუჩარ ჩხეტიას გამოძიება ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და პოლიტიკურ პროვოკაციაზე საუბრობს.

"სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. მე ბრალი არ მიმიძღვოდა. ჩემ მიერ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონდა. ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსმა, ირაკლი ფაცაციამ დამაკავა უკანონოდ, ზონდერპოლიციელმა ზუგდიდში,“ - განაცხადა ჩხეტიამ.

ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია იძაბება. სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა.

დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო ჩასული, რომლის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობები. ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი პოლიტიკური დევნა დაიწყო.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები