01 მაისი 2024,   22:35
ვრცლად
დაპირისპირება ზუგდიდში - ოპოზიცია ივანიშვილს აფრთხილებს, რომ არჩევნებს ძალადობით ვერ მოიგებს

ბიძინა ივანიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციისგან სამეგრელოდან გაფრთხილება მიიღო. ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნება“ ოპონენტებზე ძალადობით შუალედური არჩევნების მოგებას ვერ შეძლებს.

ზუგდიდში, თითქმის ყველა ოპოზიციური ძალა შეიკრიბა. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური სოლიდარობა სხვადასხვა პარტიამ გამოუცხადა. მთავარი ოპოზიციური ძალის გვერდით მურმან დუმბაძეც იდგა, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გუნდში იყო.

ზუგდიდის ინციდენტში „ქართული ოცნების“ ხელწერას ხედავს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი. „თავისუფალ-დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე ახლა მმართველ გუნდს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი კი ხელისუფლებას ურჩევს, ზონდერჯგუფების გამოყენებას თავი დაანებოს და საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში წარმართოს.

„ნაციონალურ მოძრობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ნარაზენის ინციდენტი მმართველმა პარტიამ დაგეგმა და განახორციელა. მათი თქმით, პროვოკაციები პარტიის თავმჯდომარის მიერ არის წახალისებული და მას შინაგან საქმეთა მინისტრი ზონდერჯგუფების დახმარებით ახორციელებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ოპონენტებზე ძალადობა და პოლიციის პოლიტიკური დევნის იარაღად გამოყენება შეწყვიტოს.

მმართველმა პარტიამ კი საარჩევნო კამპანიის ხელოვნურად დაძაბვასა და პროვოცირებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ მმართველი პარტია ძალადობის გამოყენებაზე უარს იტყვის.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები