01 მაისი 2024,   20:54
ვრცლად
შუალედურ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკური რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს

შუალედურ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკური რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს. გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ძალადობრივი სცენარი აამოქმედა.

სოფელ ნარაზენში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციამ ის ფოტომტკიცებულება გაასაჯაროვა, რომლითაც დასტურდება, რომ პოლიცია სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჩაშლას ცდილობს.

მიმოწერაში ჩანს, რომ რიგითი სამართალდამცველები ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მურღულიასთან ათანხმებენ, როგორ შეუშალონ ხელი სანდრა რულოვსს და მის გუნდს. გახარიას უწყების მაღალჩინოსანი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს ოპოზიციის წევრებს და შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტებს.

ოპოზიციას მიმოწერის გარდა, სხვა არგუმენტებიც აქვს, რითაც უმყარდებათ ვარაუდი, რომ შეშინებული ხელისუფლება ზუგდიდში ოპოზიციური კანდიდატს დევნის. სანდრა რულოვსის ამომრჩეველთან შეხვედრების დროს, ოპოზიციამ სამოქალაქო ფორმაში მყოფი სამართალდამცველები დააფიქსირა, რომლებიც მათ უთვალთვალებენ.

გუშინ კი ზუგდიდში, ოპოზიციის მიერ დახმარებისათვის გამოძახებულმა პოლიცია ოპოზიციის წევრები დააკავა. ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი დეპუტატის და „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრების დაპატიმრებაში ზუგდიდის პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია უშუალოდ მონაწილებდა.

სანდრა რულოვსის შეხვედრის ჩაშლა ზუგდიდში დღესაც სცადეს. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ადგილობრივებს ხვდებოდა, რა დროსაც "ქართული ონცების" აქტივისტები მივიდნენ და ოპოზიციის მისამართით უცენზურო სიტყვებს ამბობდნენ. მათ შორის იყო თეა ქარდავა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია და „ქართული ოცნების“ ოპონენტებს ყველა არჩევნებზე უპირისპირდება.

სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჯერ კიდევ დაწყების დღიდან ამტკიცებდა ოპოზიცია, რომ სამეგრელოში ბრძოლა გამარჯვებისთვის უთანასწორო იქნებოდა. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება კარგად აცნობიერებს, რომ 19 მაისის არჩევნებში დამარცხდება, ამიტომ შეეცდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალ კანდიდატს ყველა მეთოდით გაუსწორდეს.

დღის ამბები