04 მაისი 2024,   05:07
ვრცლად
შედგა თუ არა გარიგება - ნუნუ ნემსიწვერიძის უვადოდ დანიშვნას იმ მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ვისაც ის ზეწოლაში ადანაშაულებდა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უვადოდ გამწესებას იმ მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ვისაც თავად ნუნუ ნემსიწვერიძე წლების წინ ზეწოლაში ადანაშაულებდა.

ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ ნემსიწვერიძე იყო პირველი მოსამართლე, რომელიც ღიად ალაპარაკდა ზეწოლაზე. ის ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის სასამართლო სატელეფონო ზარებით იმართება. ის  ზეწოლის განმახორციელებლად სააპელაციო სასამართლოს მაშინდელ მოსამართლეს - ირაკლი შენგელიას, ასახელებდა.

ნემსიწვერიძე მაშინ ამტკიცებდა, რომ შენგელია მას ავალებდა, თუ რა გადაწყვეტილება უნდა გამოტანა საქმეზე, რომლის ინტერესიც ვანო მერაბიშვილს ჰქონდა.

ნემსიწვერიძე ამბობდა, რომ სასამართლოდან 2009 წელს ყოფილმა ხელისუფლებამ დაუმორჩილებლობის გამო გაუშვა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ის ამჟამად კვლავ მოსამართლეა. 3 თვის წინ ნუნუ ნემსიწვერიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ უვადოდ გაამწესა. მის მხარდამჭერებს შორის ერთ-ერთი სწორედ ირაკლი შენგელიაა.

ნუნუ ნემსიწვერიძეს ირაკლი შენგელიას მიმართ დღეს პრეტენზიები აღარ აქვს. მისი თქმით, ალბათ, შეეშალა და მისი კოლეგა წარსულში პოლიტიკური დავალებების შემსრულებლად შეცდომით დაასახელა.

კოალიცია სამართლიანი მართლმსაჯულების ერთ-ერთ ხელმძღვანელს, გიორგი მშვენიერაძეს, ეჭვი აქვს, რომ ან გარიგება შედგა და ნუნუ ნემსიწვერიძემ უვადოდ მოსამართლეობის სანაცვლოდ გაჩუმდა, ან თავის დროზე ტყუილი თქვა და თავი დევნის მსხვერპლად ცრუ ბრალდებების საფუძველზე გამოაცხადა.

ირაკლი შენგელიამ კურიერს შემოუთვალა, რომ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის მიერ 6 წლის წინ წაყენებული ბრალდება აბსურდია. წლების შემდეგ კი მის უვადოდ გამწესებას მხარი მხოლოდ და მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის გამო დაუჭირა.

ნაზი ჯანეზაშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც ნუნუ ნემსიწვერიძის უვადოდ გამწესებას 3 თვის წინ მხარი დაუჭირა. მისი თქმით, მაშინ ნემსიწვერიძის საჯარო სკანდალური ბრალდებების შესახებ არაფერი იცოდა. მისი განცხადებით, საბჭო ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს, რადგან ირაკლი შენგელია დღეს სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანია.

უვადოდ გამწესებიდან მალევე ნუნუ ნემსიწვერიძე ხმაურიანი სასამართლო დავის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ის ამჟამად აქციაზე დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის, დავით კირკიტაძის, საქმის მსაჯულია.

 

 

დღის ამბები