04 მაისი 2024,   10:24
ვრცლად
"ჯალათი რომ მოვა, ის მოგივლის შენო..." - ოჯახი 55 წლის მამაკაცის ცემაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს

პოლიციელების ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის, ზვიად მთავრიშვილის ცხედარი მის მშობლიურ სახლში, კაჭრეთში გადაასვენეს. ოჯახი 55 წლის მამაკაცის ცემაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს.

მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ პოლიციელები მთავრიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ცნობით, მას ხუთმა სამართალდამცველმა სასტიკად სცემა, რის შემდეგაც 55 წლის მამაკაცი თავს შეუძლოდ გრძნობდა. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები საუბრობენ, რომ 55 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ის დაზიანებები გახდა, რომელიც მან სამართალდამცავების მხრიდან ცემის შედეგად მიიღო.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ თუკი მთავრიშვილის ჩადენილი ჰქონდა რაიმე დანაშაული, პოლიციას მისთვის პასუხი კანონის ფარგლებში უნდა მოეთხოვა და არა ძალადობით და ცემით.

ზვიად მთავრიშვილის ახლობლების განცხადებით, თავად 55 წლის მამაკაცი გარდაცვალებამდე ამბობდა, რომ სამართალდამცველები მას სცემდნენ თავის მიდამოში, რათა სხეულის სხვა ნაწილებზე სილურჯეები და დაზიანებები არ აღბეჭდილიყო.

"ჯალათი რომ მოვა, ის მოგივლის შენო... როგორც კი ჩამოვიდაო, პირდაპირ კეფაში დამაფარაო. თავში მცემაო, სხვაგან არ გაურტყია, რომ სინიაკი არ დამტყობოდაო. იციან გამოცდილები არიან რა უნდა გააკეთონ.. არ უნდა შერჩეთ. ადრეც ეგრე იყო, ახლაც. მილიციაში მისული, თუ რაღაც ზედმეტი იყო, უცემლად არ გამოიშვებდნენ,“ - ამბობს ოჯახის ახლობელი. 

გარდაცვლილის ახლობლებს რეალური და ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ. ადგილობრივებს არ სჯერათ, რომ ის სამართალდამცველები, რომლებმაც მთავრიშვილს სცემეს, დაისჯებიან.

„კაჭრეთში უამრავი მკვლელობებია, მკვლელები გარეთ დადიან და არავის რეაგირება არ მოუხდენია და რაღა ახლა მოახდენენ. უბოროტოები მიწაში წვანან, მოხუცები თუ ახალგაზრდები და მკვლელები გარეთ დადიან. ჯერ 15 წლის ჩადენილი მკვლელობების მკვლელები დადიან გარეთ,“ - ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები