26 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
ქრთამი ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ - გლდანის გამგეობის სპეციალისტის თანამშრომლების თქმით, მოქალაქესთან კომუნიკაცია დაკავებულის კომპეტენცია არ იყო 

გლდანის გამგეობის სპეციალისტთან, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ადვოკატი იმყოფება. ამ დროისთვის ზვიად დაშნიანის ოჯახის წევრები მედიასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით გაიგეს.

დაკავებულის უშუალო უფროსისთვის კი დაკავების მიზეზები გაუგებარია. გამოძიების მტკიცებით, დაშნიანი დაეხმარა მოქალაქეს, რომ მოეგო გლდანის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რის სანაცვლოდაც თანხა მიიღო. საუბნო განყოფილების უფროსის, ზურაბ დათიკაშვილის თქმით კი, ტენდერთან დაკავშირებით მოქალაქესთან კომუნიკაცია დაშნიანის მოვალეობაში არ შედიოდა.  

„არც სახელი ვიცი, არც გვარი, ვისზეა საუბარი. ჩემს კომპეტენციაში არც ეს საქმიანობა არ შედის, მით უმეტეს მის კომპეტენციაში, იმიტომ, რომ ის ჩემი ქვეშევრდომი არის, ამიტომ, ჯერჯერობით, არ ვიცი. ვართ შოკში მთელი სამსახურში,“ - ამბობს დათიკაშვილი.

თბილისის გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძის განცხადებით კი, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს, თუმცა ამ დრომდე მიქაუტაძე გამოკითხული არ არის.

„მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი. დაკავებულია, ჩვენი მუხიანის საუბნო სამსახურის მთავარი სპეციალისტი. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, ყველა თანაბარი ვართ და აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ყველა ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და გამოძიება დაადგენს ყველას ბრალეულობას. არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და აქედან გამომდინარე, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, თავს შევიკავებდი დანარჩენი კითხვებისგან, არ მინდა გამოძიებას ნებისმიერი ჩემი პასუხით ხელი შევუშალო,“ – განაცხადა მიქაუტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე ტენდერებზე წვდომის უფლება აქვს თუ არა მთავარ სპეციალისტს ან რომელ ტენდერზეა საუბარი, მიქაუტაძე არ პასუხობს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

დაშნიანის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

გლდანის გამგეობის სპეციალისტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ზვიად დაშნიანი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებასა და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც გამოართვა 1700 ლარი.

ამავე თემაზე
დღის ამბები