26 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
მუშტების ბრახუნი მაგიდაზე, დაპირისპირება და ბილწსიტყვაობა პარლამენტში - მწვავე კამათი დეპუტატებს შორის

მაგიდაზე მუშტების ბრახუნი საკანონმდებლო ორგანოში - ოპოზიციას დღეს პროტესტის რადიკალური ფორმა დასჭირდა იმისთვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს გადაწყვეტილება შეეცვალა. ირაკლი კობახიძე სხდომას ისე იწყებდა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი დეპუტატებს წაკითხულიც კი არ ჰქონდათ და საერთოდ არ იცოდნენ, რას ცვლიდა ერთ-ერთ მთავარ კანონში „ქართული ოცნება“.

ოპოზიცია დროს ითხოვდა, პარლამენტის თავმჯდომარე კი მათ რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებდა.

საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი ქაოსის დროს ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მისამართით, სავარაუდოდ, უცენზურო რეპლიკა გამოიყენა. სესიის ვიდეოჩანაწერში პარლამენტის თავმჯდომარის ხმა ისმის, სადაც ის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე ანრი ოხანაშვილთან დიალოგში ოპოზიციის მისამართით, სავარაუდოდ, უხამს გამონათქვამს იყენებს. ირაკლი კობახიძის ხმა პირდაპირი ტრანსლაციის დროს ერთ-ერთი მიკროფონიდან გაიპარა.

ამ გამონათქვამის გამო ირაკლი კობახიძეს განმარტებები და ბოდიშის მოხდა ოპოზიციამ სხდომათა დარბაზშივე მოსთხოვა. პარლამენტის თავმჯდომარე უცენზურო რეპლიკის გამოყენებას ოპონენტების მიმართ კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ცხოვრებაში უხამსი სიტყვა არ გამოუყენებია.

ოპოზიციამ არ დათმო, ირაკლი კობახიძე იძულებული გახდა 2 საათით შესვენება გამოეცხადებინა და ოპონენტებისთვის დრო მიეცა კანონპროექტის ჩასწორებებს გააცნობდნენ. გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ ე.წ. გათვალისწინებული რეკომენდაციებიდან მმართველი პარტია სრულფასოვნად არც ერთს არ ითვალისწინებს.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში საპროტესტო ბანერი - წარწერით „კლანი უნდა წავიდეს“ გადმოფინეს.

ოპოზიციის პროტესტის მთავარი მიზეზი მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების საკითხი იყო. ხელისუფლების ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ ტყუილში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გამოცდების ჩაბარების საკითხის იუსტიციის საბჭოსთვის გადაბარება კლანის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კანონპროექტზე კენჭისყრა ხვალ გაიმართება.

დღის ამბები